ახალი ამბებისამართალი

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე გიორგი მენაბდე დააკავეს

15 აპრილი, 2021 • 2718
დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე გიორგი მენაბდე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, გიორგი მენაბდე დააკავა, რომელიც დეკანოზ შიო მენაბდის შვილია.

მას ბრალი ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში:

“მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა, გ.ჯ-სთან და მ.კ-სთან ერთად, ჯგუფურად თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, 2017 წლის 2 დეკემბერს დავით სარალიძე გარდაიცვალა” ,- აცხადებენ შსს-ში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულიხსმობს.

2018 წელს სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში დეკანოზი შიო მენაბდე ამბობდა, რომ მისი შვილი ტრაგედიის პირველი დღიდან თანამშრომლობდა გამოძიებასთან და უარყოფდა ინფორმაცის, თითქოს პროცესიდან შვილის განრიდებისთვის ეკლესიის გავლენებს იყენებდა:

“ითქვა ისიც, თითქოს ვცდილობ ჩემი შვილის პროცესებისგან განრიდებას და ამ საქმეში ეკლესიის გავლენასაც ვიყენებ. ასეთი რამ ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, მით უმეტეს, სასულიერო პირისთვის, ყოვლად მიუღებელია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი შვილი ტრაგედიის პირველივე დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან. ხუთი თვის განმავლობაში მრავალგზის იყო დაკითხვაზე, მათთან ერთად ვიყავით მშობლებიც და, რა თქმა უნდა, შევხვდით გარდაცვლილების მშობლებსაც და ვუპასუხეთ მათ შეკითხვებს.

მოგმართავთ ყველას, ვისაც ნამდვილად გული შეგტკივათ მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო: ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და თავი შეიკავეთ ნებსითითუ უნებლიეთ ცილისწამებისაგან, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდებს შორის ახალი დაპირისპირების მიზეზი შეიძლება გახდეს. იმედი მაქვს, გაირკვევა სიმართლე და თუ ობიექტური გამოძიებით ჩემი შვილის ბრალეულობა დადასტურდება, მან ჩადენილი დანაშაულის გამო, კანონის შესაბამისად, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი, რაც, პირველ რიგში, მისი სულისათვის იქნება სასარგებლო” ,- წერდა დეკანოზი.

2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს, ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპნენ. დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალი ორ პირს, მიხეილ კალანდიას და გიორგი ჯანაშიას წარედგინათ. ორივე მათგანი სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე დამნაშავედ ცნო.

მიხეილ კალანდია ამ დრომდე პატიმრობაში რჩება, გიორგი ჯანაშიას კი 2020 წლის იანვარში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. პროკურატურის განმარტებით, მან აღიარა დანაშაული და ბრალდების მხარეს საქმეზე მნიშვნელოვან ინფორმაცია მიაწოდა. ჯანაშიამ საპატიმრო 2021 წლის 4 იანვარს დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი