რატომ სურს კრემლს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა

“10-წლიანი ჩიხის შემდეგ, ქართველებს მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა სურთ”, – ამ სათაურით გამოქვეყნდა “UrduPoint News”-ისა და Sputnik-ის ერთობლივი მასალა ორი დღის წინ.

მიმდინარე წლის სექტემბერში რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტიდან (რასაც წინ აგვისტოს ომი უძღოდა) 10 წელი გადის.

“სპუტნიკის” კორესპონდენტს სტატიაში მოყვანილი აქვს საქართველოს ორი მოქალაქის და კოალიცია „ევრაზიული არჩევანი – საქართველოს“ ლიდერის, არჩილ ჭყოიძის მოსაზრებები, ამის საფუძველზე კი ასკვნის, თითქოს “ქართველებს სჯერათ, რომ გადაწყვეტილება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე თბილისის შეცდომა იყო და საქართველოში ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა სურთ”.

ეს სტატია ერთადერთი არ არის, სადაც ჩანს, რომ კრემლს დღეს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა სურს. მსგავსი შინაარსის განცხადებები რუსეთის არაერთ მაღალი თანამდებობის პირს აქვს გაკეთებული, ოღონდ იმ პირობით, რომ თბილისი ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობას შეეგუება.

მსგავსი პროპაგანდა ან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებები პერიოდულად აცოცხლებს დისკუსიას ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზე, თუმცა თბილისის პასუხი ჯერჯერობით უცვლელია:

“ამ რეალობაში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არსად განიხილება. იმ ვითარებაში, როდესაც არის რუსეთის ერთი საელჩო სოხუმში, მეორე – ცხინვალში, თბილისში მესამე საელჩოს გახსნაზე სერიოზულად საუბარი არ შეიძლება შედგეს”, – აცხადებს “ნეტგაზეთთან” საუბარში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.

თუმცა აბაშიძე არ გამორიცხავს, ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, ტერიტორიული მთლიანობის საკითხებთან სერიოზული გარღვევის შემთხვევაში, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს. კითხვაზე, თუ რას ჩათვლის ქართული მხარე სერიოზულ პროგრესად, აბაშიძე პასუხობს:

“ეს დაკავშირებულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან, სადაც საუბარია რუსეთის ფედერაციის საჯარისო ნაწილების გაყვანის თაობაზე. ჟენევის ფორმატში ასევე განიხილება სხვა რიგი საკითხებისა, რომელიც თუკი ადგილიდან დაიძვრება, მე ვფიქრობ, სამომავლოდ რაღაც ეტაპზე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი შეიძლება განხილვის საგანი გახდეს, მაგრამ არა ახლა, როდესაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება და იდგმება რეალური ნაბიჯები ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით”.

ვის ინტერესშია და რატომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპურთიერთობების აღდგენა

მიუხედავად იმისა, რომ “ოცნების” ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში გარკვეულ ნაბიჯებს დგამს (ვაჭრობა, კვირიკაშვილის შეთავაზება), საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევრები თბილისის მხრიდან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილებას არ ელიან და იმ მიზეზებსაც განმარტავენ, რატომ არის ეს შეუძლებელი.

“საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია ამბობს:

“რუსეთი ცდილობს ისე წარმოაჩინოს, რომ ქართველებმა თავის დროზე დაუშვეს შეცდომა, როცა დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს, ხოლო დღევანდელი ხელისუფლება და საზოგადოება ამას მიხვდა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას იხვეწებიან. მათი მიზანია, განხეთქილება მოხდეს ქართულ საზოგადოებაში და ნაწილი მაინც დაეჭვდეს, მართლა ხომ არ მოვიდა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დრო.
ამ რეალობაში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იქნება თვითმკვლელობა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან საქართველოში და ეს მშვენივრად ესმის ხელისუფლებას. ამას შეიძლება მოჰყვეს სერიოზული პოლიტიკური რყევები და რეჟიმის შეცვლაც კი”.

კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა აკობია:

“დიპლომატიური ურთიერთობები არის ფორმალური შეთანხმება ორ სახელმწიფოს შორის. ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ პროტოკოლით, მხარეები ადასტურებენ ერთმანეთის სუვერენეტინეტის და ტერიტორიულ მთლიანობის პატივისცემას. იმ ვითარებაში, როდესაც ერთი ქვეყანა არღვევს მეორე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ცხადია, ვერ იარსებებს პროტოკოლი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, ვინაიდან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით ეს ხელშეკრულება ავტომატურად დაირღვა. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა საქართველოსთვის ნიშნავს შექმნილ რეალობასთან და სტატუსკვოსთან სამართლებრივად და პოლიტიკურად შეგუებას, რაც ნორმალური სახელმწიფოსთვის მიუღებელი გარემოებაა.

რაც შეეხება ხალხთაშორის კავშირებს, ამისთვის არც წინა ხელისუფლებას და არც ახალს ხელი არ შეუშლიათ. საქართველოს აქვს უვიზო მიმოსვლა რუსეთის მოქალაქეებისთვის. რუსეთის მხრიდან მიმოსვლის გამარტივება შეიძლება, მაგრამ იმისთვის, რომ მივიღოთ ეს პოლიტიკური ნება, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ვერ დავთმობთ”.

ექსპერტების თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა საერთაშორისო ასპარეზზე მოსკოვის პოზიციას გააძლიერებს.

“მოსკოვის მიერ ეს იქნება ინსტრუმენტად გამოყენებული, რათა საერთაშრისო არენაზე ამტკიცოს, რომ საქართველო შეეგუა ახალ რეალობას და აღარ აღიარებს რუსეთს კონფლიქტის მხარედ”, – აცხადებს ეკა აკობია.

საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემთხვევაში, კორნელი კაკაჩიას თქმით, რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობას გაუგზავნის მესიჯს, რომ მოსკოვი და თბილისი ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში აგვარებენ ურთიერთობებს და კონფლიქტი ამოწურულია. ამასთან, იგი ხაზს უსვამს, რომ საქართველოსგან განსხვავებული პრაქტიკა, როდესაც რუსეთის მიერ ყირიმის მიერთებისა და ღია ომის მიუხედავად, კიევმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გაუწყვეტია, უკრაინას ვერაფრით წაადგა.

“უკრაინამ აირჩია სხვა გზა. ის უფრო მიბმული იყო რუსეთთან როგორც სავაჭრო, ისე პოლიტიკური ურთიერთობებიდან გამომდინარე და ჩათვალა, რომ დიპლომატიური უერთიერთობების გაწყვეტით უამრავ ადამიანს შეექმნებოდა პრობლემა. მაგრამ თუ დავაკვირდებით რუსეთ-უკრაინის დინამიკას და ბოლოდროინდელ მიმდინარე მოვლენებს, იქ პირიქით, კიდევ უფრო იძაბება სიტუაცია”, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემდეგ, 2008 წლის 2 სექტემბერს გაწყვიტა. ამჟამად ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კონსულტაციები ჟენევის დისკუსიების ფორმატში მიმდინარეობს, ასევე, იმართება აბაშიძე-კარასინის არაფორმალური შეხვედრები პრაღის ფორმატში.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, საქართველოში შვეიცარიის საელჩოში ფუნქციონირებს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია, ხოლო რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოში – საქართველოს ინტერესების სექცია, სადაც მოქალაქეებს საკონსულო მომსახურების მიღება შეუძლიათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი