ახალი ამბები

რუსეთში საქართველოს ინტერესების სექციას მამუკა მერკვილაძე უხელმძღვანელებს

11 მარტი, 2024 • 1472
რუსეთში საქართველოს ინტერესების სექციას მამუკა მერკვილაძე უხელმძღვანელებს

რუსეთში, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ახალი ხელმძღვანელი მამუკა მერკვილაძე იქნება.

მამუკა მერკვილაძე რუსეთში ქართველთა დიასპორის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

გარდა ამისა, მის სახელს უკავშირდება სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობა. მამუკა მერკვილაძე კომპანია „კანიონი 350-ის“ თანამესაკუთრეა, რომელსაც მარტვილის სოფელ ბალდაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბალდის კანიონის ტერიტორიაზე 24 130 კვ.მ აუქციონის წესით, 40 წლის ვადით გადაეცა. რასაც ადგილობრივი მოსახლეობა რამდენიმე თვეა კარავში აპროტესტებს.

„მთის ამბების ცნობით, 2021 წელს მამუკა მერკვილაძემ მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე, სადაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის განახლება და ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილებოდა.

მამუკა მერკვილაძე ასევე იყო საქართველოს რკინიგზის შვილობილ კომპანიაში – შპს ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალებში – ჯერ დირექტორის მოადგილე, შემდეგ კი დირექტორი. „სტუდია მონიტორის“ ინფორმაციით, მამუკა მერკვილაძის ცოლი თამარ დუდუნია რუსეთის ესტრადის მომღერალია, რომელიც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დააჯილდოვა.

ამასთან, მერკვილაძე არის Poti Trasterminal-ის თანადამფუძნებელი.

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ მამუკა მერკვილაძეს ახალ თანამდებობაზე მისი გამოცდილება დაეხმარება.

დღეს, 11 მარტს,  ჟურნალისტმა საგარეო საქმეთა მინისტრს ჰკითხა, ხომ არ ქმნის უხერხულობას საქართველოს ინტერესების სექციის ახალი ხელმძღვანელად მამუკა მერკვილაძის დანიშვნა.

„ბატონი მერკვილაძე ძალიან გამოცდილი ადამიანია და ჩვენ დარწმუნებული ვართ, ის შეასრულებს იმ უფლება-მოვალეობებს, რომელიც მას აკისრია. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გამოცდილება მას ამაში დაეხმარება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მამუკა მერკვილაძემ ამ პოსტზე გიორგი ქაჯაია ჩაანაცვლა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.

ფოტო: BM.GE

მასალების გადაბეჭდვის წესი