ლგბტ დროშები. ფოტო: EPA/EDWIN BERCIAN

“არა ფობიას!” მხარს უჭერს ლგბტ ადამიანებს და გურამ კაშიას ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში

სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას!” წევრი ორგანიზაციები მხარდაჭერას უცხადებენ ლგბტ თემის წევრებს და გურამ კაშიას, რომელიც საზოგადოების ნაწილის ზეწოლის მიუხედავად, მხარდაჭერას უცხადებს ლგბტ ადამიანებს.

“არა ფობიას” წევრ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ გურამ კაშიას მიმართ გამოხატული აგრესია და ძალადობის მუქარა, პირველ რიგში, ლგბტ ადამიანების მიმართ არსებული ჩაგვრისა და ძალადობის სისტემურობასა და სიმძიმეს აჩვენებს.

  • ლგბტ ადამიანები, კანონმდებლობის დონეზე თანასწორობის ფორმალური აღიარების მიუხედავად, პრაქტიკაში იგნორირებას, სისტემურ ჩაგვრასა და ძალადობას განიცდიან.
  • პრობლემად რჩება სახელმწიფო უწყებებსა და ადმინისტრაციულ პრაქტიკებში ინსტიტუციონალიზებული ჰომოფობიის საკითხი, ხოლო განათლების სისტემისთვის კი კვლავ გამოწვევას წარმოადგენს თანასწორი, თავისუფალი და სხვა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში საკუთარი ფუნქციის სათანადოდ შესრულება.
  • სხვადასხვა პოლიტიკური და სოციალური ჯგუფის მიერ მხარდაჭერილი და პოლიტიკურად ინსტრუმენტალიზებული ჰომოფობია არსებითად აზიანებს დემოკრატიული განვითარების პროცესს.
  • ხელისუფლება და პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებები ვერ ახერხებენ თანასწორობის მხარდამჭერი პოლიტიკური დისკურსის შექმნას და   საზოგადოებაში გაჩენილი სოციალური კონფლიქტების სისტემურ გადაჭრას.
  • გამოწვევად რჩება ძალადობის, დისკრიმინაციის, მუქარის ფაქტებზე სათანადო და დროული სამართლებრივი რეაგირების საკითხი.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მომეტებული ჰომოფობიური განწყობების ფონზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ელიტის, არსებითად კი სახელისუფლებო პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან თანასწორობის მხარდამჭერი მკაფიო საჯარო განცხადებების გავრცელება და  სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მუქარის შემცველ განცხადებებსა და კონფლიქტის პროვოცირებისკენ მიმართულ ყველა ქმედებაზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება და 9 სექტემბერს დაგეგმილი მატჩის მშვიდობიან ფონზე გამართვის უზრუნველყოფა.

განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საფარი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), მედიის განვითარების ფონდი (MDF)

გასული წლის ოქტომბერში გურამ კაშიას საფეხბურთო მატჩის დროს ლგბტ სიმბოლიკის ამსახველი სამკლაურის გაკეთებას საზოგადოებისა და ექსტრემისტული დაჯგუფებებისა თუ რიგი პოლიტიკური პარტიების მხრიდან აგრესიის შემცველი ჰომოფობიური განცხადებები და ქმედებები მოჰყვა.

2018 წლის 22 აგვისტოს უეფამ დააწესა ახალი ჯილდო #EqualGame, რომელიც, პირველად გურამ კაშიას გადაეცემა ლგბტ პირთა მიმართ გამოხატული სოლიდარობისთვის. აღნიშნულმა ჟესტმა აგრესიის ახალ ტალღას მისცა ბიძგი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com