ახალი ამბები

იანოშ ჰერმანის 4 წელი საქართველოში

17 აგვისტო, 2018 • 3689
იანოშ ჰერმანის 4 წელი საქართველოში

“მე ვიმუშავე ერთ პრეზიდენტთან, 3 პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის 2 და უზენაესი სასამართლოს 2 თავმჯდომარესთან”, – ასე შეაჯამა ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა საქართველოში გატარებული 4 წელიწადი ჟურნალისტებთან გამართულ გამოსამშვიდობებელ საღამოზე.

იანოშ ჰერმანი 2014-2018 წლებში წარმოადგენდა ევროკავშირს საქართველოში. გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ელჩმა იმ მთავარი მიღწევების შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის მისი ელჩობის პერიოდში შედგა.

ჰერმანმა ისაუბრა უვიზო მიმოსვლის ამოქმედებაზე, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასა და იმ თანხებზე, რომლებსაც ევროკავშირი საქართველოს დასახმარებლად სხვადასხვა მიმართულებით გამოყოფს.

ევროკავშირის ელჩს ვკითხეთ, ამ მიღწევების ფონზე რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის გზაზე. შეუძლია თუ არა ქვეყანამ მოითხოვოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, როგორც ეს აქვს ნატოს შემთხვევაში, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.

“ჩვენ ახლა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისა და უვიზო მიმოსვლის სისტემის კონსოლიდაციის ეტაპზე ვართ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ბევრი საუბარი იყო თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობისა და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ. მე ასე ვხედავ, რომ მომავალი წლები ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის წლები იქნება.

ასევე ვთვლი, რომ განსაკუთრებულად თვალშისაცემი იქნება ჩვენი პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება. საუბარი შეეხება იმ საკითხებს, რომლებსაც ადრე არ განვიხილავდით – ეს არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. ამას უფრო დეტალურად განვიხილავთ. ჩვენთვის ევროკავშირში მნიშვნელოვანი ეტაპი დგება, არჩევნები გველოდება, ამიტომ მომავალ წლებში საქართველო და ევროკავშირი იმ საკითხების გაღრმავებაზე ვიზრუნებთ, რაზეც უკვე ვმუშაობთ. 2020 წლის შემდეგ უფრო ნათელი გახდება შემდეგი ნაბიჯები”, – უთხრა ჰერმანმა ნეტგაზეთს.

ელჩი მიიჩნევს, რომ მთავარი წარმატება ევროკავშირთან ურთიერთობის გზაზე საქართველოზეა დამოკიდებული, თუმცა ხაზი გაუსვა გამოწვევებს და “სპეციფიკურ გარემოს”, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. ჩვენ იანოშ ჰერმანს ვკითხეთ, რაც გულისხმობდა სპეციფიკურ მახასიათებლებში, რაზეც ჰერმანმა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საკითხი დაასახელა.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, კონკრეტული რჩევები მიეცა საქართველოს მთავრობას  აგვისტოს ომის 10 წლისთავზე. ელჩმა თქვა, რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის და ევროკავშირის პოლიტიკა ამ კონფლიქტის მიმართ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაა/ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

იანოშ ჰერმანმა ასევე არ ისურვა საუბარი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის გადადგომის და ახალი კანდიდატის არჩევის წესის შესახებ:

“შემიძლია ვთქვა, რომ ნინო გვენეტაძესთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობდით, ჩვენ ვმუშაობდით სასამართლო რეფორმაზე, რაც კომპლექსური პროცესია. ჩემი ერთადერთი კომენტარია ისაა, რომ მას ვაფასებდი და პატივს ვცემდი და მასთან მუშაობა სასიამოვნო იყო. მის გადაწყვეტილებას კი პატივს ვცემ”, – განაცხადა ჰერმანმა.

ელჩის განცხადებით, საქართველო ვითარდება და ქვეყანას, ბევრი მიღწევის მიუხედავად, ბევრი აქვს სამუშაო ეკონომიკური განვითარების, სოციალური კეთილდღეობის, პლურალიზმის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი