ახალი ამბები

“შენ ინტრიგანი ხარ? ახლა დაგაკავებ”- მოქალაქე პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს

17 აგვისტო, 2018 • 10830
“შენ ინტრიგანი ხარ? ახლა დაგაკავებ”- მოქალაქე პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია უკვე დაინტერესდა ვიდეომასალით, რომელზეც პოლიციელისა და მოქალაქის ურთიერთშელაპარაკებაა ასახული. ამის შესახებ ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს. უწყების ცნობით, კონფლიქტის მხარეებს გამოკითხავენ.

ლაივ ვიდეო 16 აგვისტოს, გვიან ღამით, მოქალაქე დავით გუგეშაშვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

როგორც გუგეშაშვილი ფეისბუკ პოსტში განმარტავს, პოლიციის წარმომადგენელმა ის და მისი მეგობარი თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გააჩერა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი მოქალაქეებს პოლიციის განყოფილებაში გადაყვანით დაემუქრა.

“გუშინ, დაახლოებით ღამის 4 საათზე, ქავთარაძის გუდვილთან მე და ჩემი მეგობარი გაგვაჩერა მოძველბიჭო პოლიციამ, საბუთები წარმოადგინეთ და ფოტო უნდა გადაგიღოთო. პირადობა თან არ მქონდა და ფოტოს გადაღებაზეც, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, რის შემდეგაც ცდილობდა ჩვენს განყოფილებაში გადაყვანას. სანამ ლაივი არ ჩავრთე, ძალაზე იყო,” – წერს დავით გუგეშაშვილი.

მისივე განმარტებით, პოლიციელი აღნიშნულ მოთხოვნას “კანონიერს” უწოდებდა და აღნიშნავდა, რომ მისი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა “სისხლის სამართლის დანაშაულია.”

დავით გუგეშაშვილი ეჭვს გამოთქვამს, რომ აღნიშნული პოლიციელი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

ვიდეოში მართლაც ჩანს, თუ როგორ მოუწოდებს პოლიციელი, ვიდეოს ავტორს, თან გაჰყვეს განყოფილებაში, ან პირადობის მოწმობა აჩვენოს.

“უზრდელი ხარ, წინააღმდეგობას  მიწევ. რას ჰქვია, რატომ არ დაგაქვს პირადობა,” – ამბობს პოლიციელი ვიდეოში, რომლის ვინაობა “ნეტგაზეთისთვის” უცნობია.

გარდა ამისა, ვიდეოში ისმის, თუ როგორ გამოთქვამს პოლიციელი პრეტენზიას მოქალაქის მიერ “ფეისბუკის ლაივის” ჩართვის შემდეგ.

“ჩემთვის კი არ უნდა ჩაგერთო, ვიღაც გარეწრებისთვის უნდა ჩაგერთო. შენ ინტრიგანი ხარ? ახლა დაგაკავებ,” – ამბობს ის.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

გუშინ, დაახლოებით ღამის 4 საათზე, ქავთარაძის გუდვილთან მე და ჩემი მეგობარი გაგვაჩერა მოძველბიჭო პოლიციამ, საბუთები წარმოადგინეთ და ფოტო უნდა გადაგიღოთო. პირადობა თან არ მქონდა და ფოტოს გადაღებაზეც, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, რის შემდეგაც ცდილობდა ჩვენს განყოფილებაში გადაყვანას. სანამ ლაივი არ ჩავრთე, ძალაზე იყო.

“პოლიციის კანონიერ მოთხოვნას ეწინააღმდეგები, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია” – მსგავს სისულელეებს რომ ბოდავენ და თავი ისევ ბირჟაზე ჰგონიათ, უხერხულია. ანუ ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით?!

პ.ს როგორც თქვენ დაარბენინებთ ხალხს “გონივრული ეჭვის” საფუძველზე აქეთ-იქით, ჩემი გონივრული ეჭვის საფუძველზე ვამბობ, რომ კონკრეტული პიროვნება არ იყო ფხიზელი. რის ზემოქმედების ქვეშ იყო, საუბრის მანერაზე თუ დააკვირდებით, თავადაც მიხვდებით :)) :poop:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია

Posted by David Gugeshashvili on Thursday, August 16, 2018

მასალების გადაბეჭდვის წესი