ახალი ამბები

დაკავებულია დედა-შვილი, რომლებმაც ახალდაბადებული ბავშვი 1000 ლარად გაყიდეს – შსს

17 აგვისტო, 2018 • 2518
დაკავებულია დედა-შვილი, რომლებმაც ახალდაბადებული ბავშვი 1000 ლარად გაყიდეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1989 წელს დაბადებული ლ. შ. და 1960 წელს დაბადებული ლ. შ. არასრულწლოვანით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც სამართალდამცავი უწყება აცხადებს, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1989 წელს დაბადებული ლ.შ. მშობიარობის შემდეგ ახალშობილი შვილის გაყიდვას აპირებდა. იგი დედასთან – 1960 წელს დაბადებულ ლ.შ-სთან ერთად ბავშვის შეძენის მსურველებს ეძებდა, რომლებთანაც თანხასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებდა.

“დედა-შვილმა ახალშობილი სამშობიაროდან გამოწერის დღესვე 1000 ლარის სანაცვლოდ გაყიდეს. სამართალდამცველებმა ორივე მათგანი მყიდველის მიერ თანხის გადაცემის დროს დააკავეს”, – აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის გაყიდვას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი