საზაფხულო სტუდენტური მოგზაურობა #იზრუნე – „ვისოლისა“ და ილიას უნივერსიტეტის პროექტი იწყება

„ვისოლ ჯგუფი“ და „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“ ახალგაზრდულ სოციალურ პროექტს იწყებენ და 200-მდე სტუდენტს საშუალებას მისცემენ იმოგზაურონ საქართველოს რეგიონებში, გაეცნონ ქყვეყნის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და ტურიზმის მიმართულებით გამოწვევებს, რათა #იზრუნონ მათ განვითარებაზე. „საზაფხულო სტუდენტური მოგზაურობა #იზრუნე“ 6 აგვისტოს დაიწყება და აგვისტოს თვის ბოლომდე სტუდენტები ოთხ ნაკადად გაემგზავრებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ბაზებზე ყაზბეგსა და დედოფლისწყაროში. პროექტის პარტნიორები არიან „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“, არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN და USAID.

პროექტის სტუდენტებს ელით საინტერესო ლექციები, ექსპედიციები და საზოგადოებისთვის ცნობილ პროფესიონალებთან შეხვედრები და სხვადასხვა ტიპის აქტივობები. პარალელურად პროექტის მონაწილე სტუდენტები, ბანაკის თემატიკიდან გამომდინარე, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით დაეხმარებიან სოფლის მეურნეობაში, აგრეთვე ტურიზმის მიმართულებებით დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას (ფერმერები, სასტუმროს მფლობელები) მათთვის საჭირო საქმეებში, ასევე მუნციპალიტეტებს ტურისტული ლოკაციების მოწესრიგებაში.

პროექტში მონაწილე სტუდენტები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის საფუძველზე. პროექტი წელს საპილოტე რეჟიმში ხორციელდება და მასში მონაწილეობა მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არის შესაძლებელი.

მომავალ წელს პროექტი მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ სტუდენტებს მთელი საქართველოდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი