ახალი ამბები

ყოფილ იპოდრომთან 80 ათას კვ.მ-ს ყიდულობს კომპანია, რომლის დირექტორიც სოსო ფხაკაძეა

31 ოქტომბერი, 2023 • 3711
ყოფილ იპოდრომთან 80 ათას კვ.მ-ს ყიდულობს კომპანია, რომლის დირექტორიც სოსო ფხაკაძეა

თბილისში, ყოფილი იპოდრომის მიმდებარედ, 80 145 კვ.მ ფართობის ტერიტორიას ფონდი ქართუსაგან ყიდულობს კომპანია, რომლის დირექტორი “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძეა.

ტერიტორიის შესყიდვაზე ფხაკაძის ახალი კომპანიის, შპს “ცენტრალ პარკ ავენიუს” განცხადება 27 ოქტომბერს შევიდა საჯარო რეესტრში. კომპანიის 35%-იანი წილის მფლობელი კომპანია “იდეაა”, რომლის წილებსაც თავის მხრივ სწორედ სოსო, ლევან და სამსონ ფხაკაძეები ფლობენ.

“იდეის” გარდა, “ცენტრალ პარკ ავენიუს” ფლობს კიდევ 3 სხვა კომპანია — შპს “ნიუ არტ ინდექსი” (52%), შპს “მარდიელი ინვესთმენთი” (4.5%) და სააქციო საზოგადოება “მენეჯმენტ ფროფერთი” (8.5%).

რაც შეეხება აღნიშნულ ტერიტორიას, მას ამჟამად ფლობს ბიძინა ივანიშვილის დაარსებული ფონდი “ქართუ”, რომელსაც მიმდინარე წლის ზაფხულში მისი გასხვისება „ნეო სითი დეველოპმენტზე” სურდა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ყოფილი დეპუტატი მარიკა ვერულაშვილია. ის 2004-2016 წლებში პარლამენტის დეპუტატი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით ორჯერ, ერთხელ კი -მაჟორიტარულით. პარტია 2012 წლის არჩევნებით ხელისუფლების შეცვლიდან მალევე დატოვა.

7 აგვისტოს “ნეო სითი დეველომენტმა” ამ ტერიტორიაზე უფლების წინასწარი რეგისტრაციის წარმოშობის თაობაზე საჯარო რეესტრს მიმართა. მოთხოვნა რეესტრმა 11 აგვისტოს დააკმაყოფილა, თუმცა 3 თვის შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე საჯარო რეესტრში კვლავ შევიდა განცხადება, ამჯერად უწყებას ფონდი “ქართუ” მიმართავდა უფლების წინასწარი რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე. მოთხოვნა 16 ოქტომბერს დაკმაყოფილდა, რამდენიმე დღეში, 27 ოქტომბერს კი, ამ ტერიტორიაზე უფლების წინასწარი რეგისტრაციის წარმოშობის თაობაზე განცხადება კომპანია “ცენტრალ პარკ ავენიუმ” შეიტანა, რომელიც ერთი თვით ადრე, 22 სექტემბერს დარეგისტრირდა.

აღნიშნული ტერიტორიის შესყიდვასთან დაკავშირებით ფონდ “ქართუსთან” შეთანხმებას ადასტურებს სოსო ფხაკაძეც. წერილში, რომელიც BMG-ის მისწერა, ფხაკაძე აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთი GD Alco-თან ერთად შეიძინა და მათთან ერთად სამომავლოდ კონსორციუმისა და პროექტის შექმნას გეგმავენ.

ფხაკაძე არ აკონკრეტებს, თუ რას გააკეთებენ ამ ტერიტორიაზე, თუმცა აღნიშნავს, რომ “ვისოლ ჯგუფის” ერთ-ერთი მიმართულება უძრავი ქონების განვითარებაა და ზოგადად აშენებენ როგორც კომერციულ, ასევე საცხოვრებელ სახლებსაც.

“აქვე ვაცხადებთ, რომ ამ ლოკაციაზე, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ადგილზე, ჩვენ მიერ განვითარებული უძრავი ქონება გამორჩეული იქნება დახვეწილი, გემოვნებიანი არქიტექტურითა და დიზაინით და არაერთ ხელმისაწვდომ სერვისს შესთავაზებს მომხმარებლებს. მაღალი ხარისხისა და სტანდარტის დაცვა ჩვენთვის ბიზნესის წარმოების ქვაკუთხედია და ამ გზას ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ გადავუხვევთ.

პროექტის დეტალებს და მის მიმდინარეობას, ბუნებრივია, ეტაპობრივად გავაცნობთ საზოგადოებას”, — აცხადებს ფხაკაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი