რისი უფლება (არ) აქვს მოქალაქეს მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შემდეგ

გთავაზობთ პასუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ.

  1. კანაფის (მარიხუანა) მხოლოდ მოხმარება (ანუ მოწევა) არის სრულად ლეგალური;
  2. გამომშრალი მარიხუანის 70 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვა არ ისჯება ციხით (არ არის ალტერნატიული სანქცია ჯერ განსაზღვრული);
  3. ნედლი მარიხუანის 100 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვა არ ისჯება ციხით (არ არის ალტერნატიული სანქცია ჯერ განსაზღვრული);
  4. კანაფის (მცენარე) მოყვანა და კულტივირება 151 გრამამდე არ ისჯება პატიმრობით, თუმცა ალტერნატიული სანქცია არ არის კანონმდებლობაში, ანუ სასამართლო გცნობთ დამნაშავედ სასჯელის გარეშე (კანონმდებელი დაგვცინის);
  5. მარიხუანის შეძენა-შენახვა-კულტივირებაზე, მოწევისგან განსხვავებით, ისევ არის ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

  • მარიხუანა ლეგალური გახდა?

    მარიხუანის მოწევა გახდა ლეგალური, განსხვავებული რამეებია.

 

  • ანუ რომ ნახონ, ვეწევი, ვერაფერს მიზამენ?

    კი, ვერაფერს გიზამენ, ვერც ორგანიზმში თუ აღმოგიჩინეს მაშინ.

    რაც შეეხება იმ შემთხვევებს, როცა “ფაქტი” აღმოგიჩინეს, ანუ შეძენა-შენახვას გედავებიან, აქ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ვერ დაგეკისრება 70 გრამამდე ოდენობაზე, წიქარიშვილის მერე და მერე, შანიძის გადაწყვეტილებით.

    ასევე ვერ დაგეკისრება პასუხისმგებლობა ვერც ერთ ოდენობაზე (თუ პირადი მოხმარების მიზნითაა) კულტივირების გამო – გვიანიძის გადაწყვეტილებით, თუმცა ამ შემთხვევაში შეიძლება დაგეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მაგალითად, მცირე ოდენობის კულტივირების გამო.

 

  • ანუ მარიხუანის ერთი ჩაყრა რომ ვატარო ჯიბით, არ დავისჯები?

    სისხლით არაა დასჯადი, მაგრამ 500 ლარით დაჯარიმდები ადმინისტრაციული წესით. თუმცა, თუ მოასწარი და გაუკიდე “ჯოინთს”, ვეღარ დაჯარიმდები.

 

  • ანუ ეს გადაწყვეტილება შენახვას არანაირი ფორმით და რაოდენობით არ ეხება?

    კი, ადმინისტრაციული სასჯელი მხოლოდ მოხმარებაზეა გაუქმებული ამ გადაწყვეტილებით.

 

  • ანუ დავთესავ, დავკრიფავ და მოვწევ რამდენსაც მინდა, ნებისმიერი ოდენობით?

    არა, ეგრე მარტივად არაა. რადგან კონკრეტულ საქმეებზე კონკრეტული ოდენობები აქვს მითითებული საკონსტიტუციოს, ოდენობების მიხედვით განისაზღვრება, პირადი მოხმარებისთვის გინდა თუ გასაღებისთვის. პრეზუმფციის ამბებია და ცოტა რთული გასაგებია, ამიტომ მარტივად გეტყვი:

    როცა დათესავ – უნდა წონო სულ ნედლი მარიხუანა (მთელი მცენარე არა, ფოთლები) და იქამდე შეგიძლია გქონდეს, სანამ 266 გრამს არ მიაღწევს.

    ხოლო ერთ მოსავალზე 100 გრამი ნედლი ფოთლის მოკრეფა შეგიძლია, გაშრობის მერე კი 70 გრამს არ უნდა აღემატებოდეს.

 

  • ანუ შემიძლია 266 გრამამდე გავახარო, შემდეგ კი თითო დაკრეფაზე მაქსიმუმ 100 გრამი დავკრიფო და ყოველი დაკრეფილი მაქსიმუმ 70 გრამამდე გამოვაშრო?

    კი ბატონო, ეგრეა.

 

  • მარიხუანის გასაღება კვლავ დასჯადია?

    კი, 6-დან 11 წლამდეა. ასე რომ, მეგობარს “ჯოინთს” ვერ გაუწოდებ.

მარიხუანა. ფოტო: CC

დღეს, 30 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, თუ რა ადგილებში არ იქნება დასაშვები მარიხუანის მოწევა.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის. მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

გადაწყვეტილება გამოქვეყნების მომენტიდან ძალაშია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.