“ევროპულმა საქართველომ” “დაგროვებითი პენსიის” კანონი შესაძლოა გაასაჩივროს

“ევროპულმა საქართველომ” შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონი.

ნეტგაზეთთან საუბრისას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს, რათა საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი არგუმენტირებული იყოს. ზურაბ ჭიაბერაშვილი განმარტავს, რომ შესაძლოა სასამართლოში ერთ-ერთ არგუმენტად დაასახელონ დამსაქმებლებისთვის 2%-იანი შენატანის ვალდებულება. პარტიის შეფასებით, პენსიის დაგროვებაში დამსაქმებლის სავალდებულო მონაწილეობა მათთვის დაწესებული ახალი გადასახადია, რაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მიხედვით, ახალი სახის გადასახადის შემოღება ან უკვე არსებულ გადასახადზე განაკვეთის ზრდა მხოლოდ რეფერენდუმის გზით არის შესაძლებელი. რეფერენდუმის გარეშე ხელისუფლებას შეუძლია მხოლოდ აქციზის გაზრდა.

“კანონის მიხედვით ორი პროცენტის შეტანა დასაქმებულს მოუწევს. ისინი ამბობენ, რომ ეს სისტემა ახალი გადასახადი არ არის და თანხა გადამხდელის დეპოზიტზე შეინახება. მათი თქმითვე, თქვენი ფული არავის მიაქვს. მაგრამ ახლა შევხედოთ დანარჩენი ორი პროცენტის საკითხს. თქვენი დამსაქმებლისთვის ეს დამატებითი ხარჯია. მისთვის ეს გადასახადია. კონსტიტუციაში წერია, რომ დამატებითი გადასახადის დაწესება რეფერენდუმის გზით უნდა მოხდეს. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც კარგი იურიდიული ანალიზი და დასაბუთება სჭირდება. თუ ეს დამატებითი გადასახადია, ამით კონსტიტუცია ხომ არ ირღვევა,”-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მეორე საკითხი სახელმწიფოს შენატანს უკავშირდება. ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ეს რეფორმა ყველაზე არ ვრცელდება, რადგან თვითდასაქმებული, თუ ის ნებაყოფლობით არ ჩაერთო დაგროვებითი პენსიის სისტემაში, სახელმწიფოს შენატანით ვერ სარგებლობს. “ევროპული საქართველოს” შეფასებით ეს მიდგომა უსამართლოა, მაგრამ ჯერ უცნობია, გახდება თუ არა ეს საკითხი სასამართლოში კონსტიტუციური დავის საგანი.

“რამდენიმე წლის შემდეგ მოხდება ისე, რომ გარკვეული ადამიანები ისარგებლებენ ამ სისტემით . ყველას, მათ შორის თვითდასაქმებულის მიერ გადახდილი გადასახადით მხოლოდ დასაქმებულები მიიღებენ სარგებელს. ამ დროს გადასახადს ყველა იხდის. ეს თავისთავად უსამართლობაა,”-ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

საქართველოს პარლამენტმა “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონი 21 ივლისს მესამე მოსმენით მიიღო. “დაგროვებითი პენსიების შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის. დასაქმებული გადაიხდის დაუბეგრავი ხელფასის 2%-ს.  2-2%-ს გადაიხდიან დამსაქმებელი და სახელმწიფო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.