დაგროვებით საპენსიო შენატანზე უარის შემთხვევაში დამსაქმებელი 500 ლარით დაჯარიმდება – კანონპროექტი

თუ დამსაქმებელი დაგროვებითი საპენსიო სქემაში თანამშრომლის საპენსიო შენატანს არ გააკეთებს, ის პირველ ჯერზე 500 ლარით, მეორედ კი 1000 ლარით დაჯარიმდება. პარლამენტში უკვე შევიდა კანონპროექტი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანას გულისხმობს. ცვლილებების მიხედვით, საპენსიო სააგენტოში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის და საკუთარი საპენსიო შენატანის გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ფინანსურ ჯარიმებს ითვალისწინებს.

“დაგროვებითი პენსიების შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის. დასაქმებული გადაიხდის დაუბეგრავი ხელფასის 2%-ს.  2-2%-ს გადაიხდიან დამსაქმებელი და სახელმწიფო.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, მთავრობის მიერ შეთავაზებული  დაგროვებითი საპენსიო სისტემის სქემა არაკონსტიტუციურია. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დრომდე სავალდებულო საპენსიო შენატანი კანონმდებლობით არ ყოფილა გათვალისწინებული, გამოდის, რომ  ახალი გადასახადის  შემოღება ხდება. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ახალი სახის გადასახადის დაწესება მხოლოდ რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი.

კონსიტუციის 94-ე მუხლის თანახმად, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. რეფერენდუმის დანიშვნის ინიციირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას თქმით, დაგროვებით პენსია გადასახადი არ არის, რადგან ეს თანხა სქემაში ჩართულ ადამიანებს უკან დაუბრუნდებათ.

“გადასახადების განმარტება ჩვენ გვაქვს საგადასახადო კოდექსში, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო განმარტებებს. აღნიშნული განმარტებით, გადასახადს სამი კრიტერიუმი აქვს. მათ შორის არის ის, რაც მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში ზოგადი ხარჯების დასაფინანსებლად. ეს არის თანხა, რომელიც მიემართება სისტემაში ჩართული აღნიშნული პიროვნების პირად ანგარიშზე და ეს არის ამ პიროვნების პირადი საკუთრება,”-ამბობს ნიკოლოზ გაგუა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.