ახალი ამბებისაზოგადოება

მეღვინე ქალი, რომლის მარანშიც ტურისტებს რუსულ ენაზე არ ემსახურებიან

31 ივლისი, 2018 • 102335
მეღვინე ქალი, რომლის მარანშიც ტურისტებს რუსულ ენაზე არ ემსახურებიან

„ჩვენ არ ვართ ვალდებული რუს ტურისტებს რუსულად ვესაუბროთ და რუსულად ვუმღეროთ“, – ამბობს ქეთო ნინიძე, რომელიც საოჯახო მარან „ოდას“  მფლობელია.

ქეთო ნინიძის მარანი მარტვილში მდებარეობს და როგორც ამბობს „ოდა“ ტურისტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

ქეთო ნინიძე მარტვილში 2016 წელს ოჯახთან ერთად დაბრუნდა საცხოვრებლად: მამა-პაპისეული სახლ-კარი – ძველი მეგრული ოდა შეალამაზეს, ფერები შეჰმატეს და ასე გამოაცოცხლეს საუკუნოვანი კედლები. ქეთომ ოჯახთან ერთად თავდაპირველად ღვინის წარმოება დაიწყო. მის მეუღლეს უკვე ჰქონდა ამ მხრივ გამოცდილება, ქეთო კი ჟურნალებისთვის წერდა ბლოგებს ქართული ღვინის შესახებ. საბოლოოდ, ქეთო ნინიძე თვითონ გახდა მეღვინე ქალი, რომელიც უკვე მესამე წელია ნატურალურ ღვინოებს აწარმოებს.

სახლი სადაც ქეთო ოჯახთან ერთად ცხოვრობს და სადაც საკუთარი მარანი აქვს

„ეს ჩვენი შეგნებული გადაწყვეტილებაა, ჩვენ არ ვლაპარაკობთ რუსულად, რადგან მიგვაჩნია, რომ არ უნდა ვისაუბროთ იმ ქვეყნის ენაზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული“, – ამბობს ქეთო.

ის განმარტავს, რომ ამის მიზეზი პასუხისმგებლობაა იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ყოველდღიურად ტერორში არიან:

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, რა სფეროშიც არ უნდა ვმუშაობდეთ, უნდა გვქონდეს ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის, იმ ადამიანების, ოჯახების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან ტერორს რუსულ საოკუპაციო ხაზზე. რუსი ოკუპანტები თითქმის ყოველდღე იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს, ადამიანები კარგავენ მიწა-წყალს, სარჩო-საბადებელს. სად არის ჩვენი პასუხისმგებლობა ამ ადამიანების მიმართ? რაში გამოვხატავთ მათ მიმართ თანადგომას?“

ქეთო ამბობს, რომ სწორედ ამიტომ აქვთ ძალიან ცხადი პოლიტიკა ამ მიმართულებით:

„მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ყველა, იქნება ეს გიდი თუ სერვისის მიმწოდებელი. რადგან ხშირად მოუციათ ხოლმე  „კეთილი რჩევები“, – „თუ ტურისტულ ბიზნესში ხარ აუცილებელად უნდა იცოდე რუსული“, „რატომ არ ლაპარაკობთ რუსულად“ და ა.შ. ჩვენ ამაზე გვეღიმება, რადგან ხარისხიანი სერვისის მიმწოდებელს ეს ვერ შეუქმნის პრობლემას“, – ამბობს ქეთო ნინიძე.

პირველი „ოჯალეში“. თეთრი ღვინო, ჭაჭის გარეშე, რომელიც ქეთოს ერთგვარი ექსპერიმენტი იყო

ქეთო დარწმუნებულია, რომ რუსული ბაზარი არ არის ქართველი მეწარმეებისთვის ერთადერთი ალტერნატივა და აღარ უნდა ჰქონდეთ სწორება მხოლოდ მასზე:

„ჩვენ გვაქვს ალტერნატიული და ბევრად უკეთესი ბაზრები. გასულ წელს და ახლაც, ევროპის 28 ქვეყნიდან გვყავდა ვიზიტორები და ყველაზე მეტი მომხმარებელი ჩვენს ღვინოს აშშ-ში ჰყავს. ძალიან მალე კი ჩვენი პროდუქცია საფრანგეთშიც გავა. თუ ხარისხიან პროდუქციას ვაწარმოებთ, ამაზე პრობლემა აღარ იქნება”.

საოჯახო მარანი „ოდას“ მფლობელები რუსულ ოკუპაციას ფეისბუკის გვერზეც აპროტესტებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი