მეშახტეები საქნახშირის ადმინისტრაციის შეცვლას ითხოვენ

ტყიბულში მეშახტეები საქნახშირის ადმინისტრაციის შეცვლას ითხოვენ. როგორც მეშახტეები აცხადებენ, ბოლო თვეების განმავლობაში შახტში დასაქმებულთა დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ხელმძღვანელ პირებს:

“შეიცვალოს შახტის ადმინისტრაცია, მთლიანად გადადგეს და აგონ პასუხი იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინეს. მოვუწოდებ შახტის ადმინისტრაციას, რომ ავიცილოთ თავიდან ყოველგვარი დაპირისპირება, რომ ავიცილოთ თავიდან სისხლისღვრა, ავიცილოთ თვიდან ბიჭების გაბრაზება. მოგიწოდებთ, რომ მშვიდობიანად დაწერეთ განცხადებები და წადით”, – ამბობს  ხვიჩა გაბუნია ტელეკომპანია “იმედთან საუბრისას”.

მეშახტეების თქმით, დღეს ტყბულში ამ მოთხოვნით აქციაც გაიმართება. გარდა ამისა, შახტში დასაქმებულები სთხოვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შეასრულოს საკუთარი დაპირება დასაქმებულთათვის გამოძიების პერიოდში გაცდენილი დღეების ანაზღაურების შესახებ  და სიტყვიერი დაპირება ოფიციალურადაც გააფორმოს.

16 ივლისს მინდელის სახელობის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, “საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” თქვა, რომ მზად არის, კომპანია “საქნახშირი” სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ბოლო ტრაგიკული შემთხვევა 2018 წლის 5 აპრილსაც მოხდა, რა დროსაც 6 მუშა დაიღუპა. აღნიშნული შახტი “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი), არა-აღმასრულებელი დირექტორი- გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი – ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი- ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში- ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი- ჯამბულ ჯაყელი.

ამავე შახტში 2017 წელს 5 მეშახტე დაიღუპა, მათგან ოთხი ლიფტის ჩავარდნას ემსხვერპლა.

დოლაბერიძე: შახტის დახურვა ტყიბულისა და მისი შემოგარენისთვის კატასტროფა იქნება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.