ახალი ამბები

დოლაბერიძე: შახტის დახურვა ტყიბულისა და მისი შემოგარენისთვის კატასტროფა იქნება

17 ივლისი, 2018 • 2259
დოლაბერიძე: შახტის დახურვა ტყიბულისა და მისი შემოგარენისთვის კატასტროფა იქნება

საქართველოს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის ხელმძღვანელის, თამაზ დოლაბერიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ტყიბულის შახტი დაიხურება, კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება ტყიბული და მის შემოგარენში არსებული სოფლები.

დოლაბერიძის თქმით, მუნიციპალიტეტის ეკონომიკა იმ 1500 ადამიანის ხელფასზეა აგებული, რომელიც ტყიბულის შახტშია დასაქმებული:

“რომ გითხრათ, ქვანახშირის წარმოებას რეგიონის ენერგეტიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ალბათ, არ ვიქნები მართალი. ალბათ, ყველანი ვამჩნევთ, რომ ენერგობიზნესი გადასულია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე და ქვანახშირის, როგორც ენერგის წყაროს გამოყენება, მაინცდამაინც მიმზიდველი არ არის.

გარკვეულწილად დავეთნხმები კომპანიის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ტყიბულში ქვანახშირის წარმოება გარკვეულწილად სოციალურ დატვირთვას ატარებს, რადგან ფაქტობრივად, მთელი ტყიბული, არა მარტო ქალაქი, არამედ მთელი შემოგარენი, დამოკიდებულია ამ 1 500 ადამიანის მიერ აღებულ ხელფასზე” – ამბობს დოლაბერიძე.

მისი თქმით, შახტის დახურვა არა მხოლოდ ქალაქს დააზარალებს, არამედ მიმდებარე სოფლების მოსახლოებასაც შეეხება.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ტყიბული შახტის დახურვის აუცილებლობის წინაშე მაინც დადგება, ხელისუფლებამ ადგილობრივებს დასაქმების ალტერნატიული წყარო უნდა შესთავაზოს:

“ეს იქნება სრული კატასტროფა. ტყიბულის ეკონომიკა ესაა. წარმოიდგინეთ, გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები ხელფასს იღებენ და იკმაყოფილებენ მინიმალურ მოთხოვნილებებს, ტყიბულის ირგვლივ თუ რამე სოფელი არსებობს, ვიღაცა ჩამოდის და ყველს ყიდის, ვიღაცა პომიდორს… მთელი ეკონომიკა ეს მილიონნახევარი ლარია, რომელიც ხელფასის სახით იხარჯება ტყიბულში.

ფაქტობრივად, 26 000-კაციანი მუნიციპალიტეტის მთლიანად გაწირვაა. ჩათვალეთ, გაიცლება ტყიბული და იქ აღარავინ დარჩება. ხალხის შიმშილით სიკვდილისთვის გაწირვაა, თუკი, რა თქმა უნდა, მთავრობა არ გამოიჩენს მარიფათს და ტყიბულს დასაქმების რაიმე ალტერნატიულ ფორმულას არ შესთავაზებს” – ამბობს თამაზ დოლაბერიძე.

დოლაბერიძის თქმით, ამ ეტაპზე რთულია იმაზე საუბარი, თუ რა შეიძლება შესთავაზოს ტყიბულის მცხოვრებლებს ხელისუფლებამ და საჭიროების შემთხვევაში ამაზე ექსპერტებმა უნდა იმსჯელონ:

“ამას უკვე სპეციალისტების რეკომენდაციები სჭირდება, მაგრამ, ჩემი აზრით, სოფლის მეურნეობის ახალი დარგები, ტურიზმის მიმართულება, მსუბუქი მრეწველობის მიმართულება, გააჩნია, სახელმწიფო რამდენად მოინდომებს ბიზნესში ნაწილობრივ ან სრულად მონაწილეობას ” – ამბობს დოლაბერიძე.


16 ივლისს მინდელის სახელობის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, “საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” თქვა, რომ მზად არის, კომპანია “საქნახშირი” სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ბოლო ტრაგიკული შემთხვევა 2018 წლის 5 აპრილსაც მოხდა, რა დროსაც 6 მუშა დაიღუპა. აღნიშნული შახტი “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი), არა-აღმასრულებელი დირექტორი- გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი- ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი- ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში- ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი- ჯამბულ ჯაყელი.

ამავე შახტში 2017 წელს 5 მეშახტე დაიღუპა, მათგან ოთხი ლიფტის ჩავარდნას ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი