გახარია კობალაძის ცემაზე: პოლიცია იქ ინციდენტის შემდეგ მივიდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” სხდომაზე გუშინ, 12 ივლისს, თბილისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რომლის დროსაც 20 წლის კოკა კობალაძე სცემეს.

აღნიშნულის შესახებ მინისტრს “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატმა ემზარ კვიციანმა ჰკითხა და კობალაძის ცემაში დაზარალებულის დედის მსგავსად, პოლიციელები დაადანაშაულა. გახარიამ ეს ვერსია უარყო და აღნიშნა, რომ პოლიცია ადგილზე მხოლოდ ინციდენტის შემდეგ მივიდა. მისი თქმით, საკითხს უკვე სწავლობს როგორც გენინსპექცია, ისე პროკურატურა.

“… გენინსპექციას კვლევა უკვე დაწყებული აქვს და პროკურატურაშიც საქმე უკვე აღძრულია და გამოძიება დაწყებულია მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შსს-ში პრაქტიკულად დარწმუნებული ვართ, რომ იქ არ იყვნენ შსს-ს წარმომადგენლები. ისინი იქ მივიდნენ მას შემდეგ, რაც ეს მოხდა და მას შემდეგ, რაც შეტყობინება მოვიდა შსს-ში. იქ არსებობს რამდენიმე ვერსია და გარწმუნებთ, რომ უახლოეს ვერსიებში ეს ვერსიები გაიხსნება და ამას მოგახსენებთ.

…რა თქმა უნდა, თუ უმცირესი ალბათობით, მაგრამ დადასტურდა ამ საქმეში პოლიციელების ჩართულობა, ისინი იქნებიან უმკაცრესად დასჯილები. იმ შემთხვევაში, თუ არ დადასტურდა, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამის ნაბიჯებსაც გადავდგამთ”, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, შსს-ში მიმდინარე რეფორმების პარალელურად, პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობები მატულობს.


პოეტ კოკა კობალაძის დედა, თათა დავითულიანი აცხადებს, რომ მის შვილს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ, სიკვდილის პირას მიიყვანეს და საკუთარ სახლში უგონო მდგომარეობაში მარტო დატოვეს.

შსს ბინაში პოლიციელების ყოფნას არ ადასტურებს, თუმცა საქმეს მაინც სწავლობს. პროკურატურა კი საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით იძიებს, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან