ახალი ამბები

პოეტ კოკა კობალაძის დედა პოლიციას შვილის სასტიკ ცემაში ადანაშაულებს – დაწყებულია გამოძიება

13 ივლისი, 2018 • 3528
პოეტ კოკა კობალაძის დედა პოლიციას შვილის სასტიკ ცემაში ადანაშაულებს – დაწყებულია გამოძიება

პოეტ კოკა კობალაძის დედა, თათა დავითულიანი აცხადებს, რომ მის შვილს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ, სიკვდილის პირას მიიყვანეს და საკუთარ სახლში უგონო მდგომარეობაში მარტო დატოვეს.

“არასოდეს წარმომედგინა, თუ ამ დღეში აღმოვჩნდებოდი 21-ე საუკუნეში, როცა ყოველთვის ვამაყობდი ჩემი შვილით. დღეს ჩემს საამაყო, უნიჭიერეს, უპატიოსნეს, უკეთილშობილეს შვილს სახლში შეუვარდა უვიცი პოლიცია, სიკვდილის პირას მიიყვანეს ცემით და უგონო მდგომარეობაში მყოფი მარტოდმარტო მიაგდეს ღვთის ანაბარა. რატომ? რისთვის? გამეცით ვინმემ პასუხი!” – აცხადებს თათა დავითულიანი.

თათა დავითულიანის ინფორმაციით, მისი შვილი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“მე და ჩემი ოჯახი დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერი ვიყავით, ვართ და ვიქნებით. ორი ბინძური სულის ადამიანი აზრს ვერ შემაცვლევინებს, მჯერა გამოძიების და ვიცი, რომ გამოძიება გამოავლენს დამნაშავეებს და ისინი კანონის ფარგლებში დაისჯებიან. ბოდიშს გიხდით, თუ სათითაოდ ვერ გპასუხობთ, მე ვგრძნობ თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას. კოკა აუცილებლად კარგად იქნება, ღმერთი არ გამწირავს…” – აცხადებს თათა დავითულიანი.

თათა დავითულიანმა TV პირველს განუცხადა, რომ მის შვილს ორი ადამიანი სცემდა, ხოლო ერთ-ერთი მათგანი პოლიციის ფორმაში იყო.

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კოკა კობალაძის ბინაში პოლიციის თანამშრომლების ყოფნას არ ადასტურებს, თუმცა შესწავლა დაიწყო.
  • საქმეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით იძიებს, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი