საქართველოში დაბალი სტანდარტის მანქანების იმპორტი აიკრძალება – პრემიერი

მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა ეკოლოგია, რის გამოც მთავრობამ რამდენიმე ინიციატივა შეიმუშავა, რამაც მოკლე ვადაში მნიშვნელოვანი შედეგი უნდა მოიტანოს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, გაიზრდება საწვავის ხარისხი, აიკრძალება საქართველოში დაბალი სტანდარტის მანქანების იმპორტი და გამკაცრდება მოთხოვნები ტექნიკურ დათვალიერებაზე.

“ამასთან ერთად, შევა მასშტაბური ცვლილებები სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და საქალაქო ტრანსპორტის გაუმჯობესების კუთხით. ეტაპობრივად, სრულად ჩანაცვლდება ყვითელი ავტობუსები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ერთობლივ სტრაგეტიაზე ვმუშაობთ თბილისის მერიასთან ერთად და ივლისის ბოლომდე გავაკეთებთ ამ ძალიან მასშტაბური სტრატეგიის პრეზენტაციას,” – განაცხადა პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ 2018 წლის ბოლომდე უწყებების ავტოპარკი დაახლოებით 1000 ავტომობილით შემცირდება. გარდა ამისა, მამუკა ბახტაძის თქმით, შეიზღუდება იმ პირთა წრე, ვისაც აქვს პერსონალური ავტომობილით სარგებლობის უფლება.

“მე წინა ბრიფინგზე განვაცხადე, რომ გარკვეულ სტრუქტურებში ის ხარჯი, რომელიც ჩვენ გვაქვს სახელმწიფო ავტოპარკის შენახვასთან დაკავშირებით, არის მიუღებელი და ამ კუთხით პრინციპული ნაბიჯებია გადასადგმელი.

მთავრობის სტრუქტურის ცვლილებების ფარგლებში, წლის ბოლომდე უწყებების ავტოპარკი შემცირდება დაახლოებით 1000 ავტომობილით. აღნიშნული მანქანები გადაეცემა რეალიზაციისთვის ფინანსთა სამინისტროს და მათ მაგივრად მოხდება სპეციალური ავტომანქანების შეძენა პატრულისთვის, გარემოსდაცვითი ოპერაციებისთვის და მსგავსი სპეციალური საჭიროებებისთვის, რათა ჩვენმა ორგანოებმა შეძლონ უკეთესად ფუნქციონირება.

ასევე, მნიშვნელოვნად შეიზღუდება იმ პირთა წრე, ვისაც აქვს პერსონალური ავტომობილით სარგებლობის უფლება, დაახლოებით 500 ეგრეთ წოდებული „მიკუთვნებული“ მანქანა გადაინაცვლებს სამორიგეო პარკში,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, რასაც აუცილებლად მთავრობა მოაყოლებს სხვა ინიციატივებსაც ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს ერთიანი პარკის და მისი მენეჯმენტის შექმნის იდეას.

მამუკა ბახტაძის თქმით, ეს უფრო მეტ ოპტიმიზაციას გააკეთებს და საშუალებას მისცემს ქვეყანას, ამ მიმართულებით კიდევ უფრო დაზოგონ ხარჯები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.