ახალი ამბები

ზაზა ფაჩულია “დეტროიტში” გადავიდა, სადაც ერთ სეზონში $2.4 მილიონს გამოიმუშავებს

9 ივლისი, 2018 • 2852
ზაზა ფაჩულია “დეტროიტში” გადავიდა, სადაც ერთ სეზონში $2.4 მილიონს გამოიმუშავებს

იაჰუ სპორტსის ცნობით, ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით “დეტროიტ პისტონსში” გადადის. როგორც გამოცემა წერს, მხარეები ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებენ, ხოლო ქართველი კალათბურთელი ამ პერიოდში 2.4 მილიონ დოლარს მიიღებს.

ტრანსფერი ქართველი კალათბურთელის “გოლდენ სტეიტ ვორიორზში” ორ წლიან მოღვაწეობას მოჰყვა, რომლის რიგებშიც ზაზა ფაჩულია NBA მოიგო.

2016-17 წლების სეზონში ზაზა ფაჩულია ყველა თამაშს სასტარტო ხუთეულში იწყებდა, თუმცა უკანასკნელი სეზონის პლეიოფში ის ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდებოდა. შედეგად, ქართველმა კალათბურთელმა პლეიოფის 7 მატჩში სულ 26 წუთი ითამაშა.

როგორც იაჰუ სპორტსი წერს, დეტროიტში 34 წლის ზაზა ფაჩულია NBA-ის All Star-ის წევრის, ანდრე დრამონდის შემცვლელი იქნება.

ზაზა ფაჩულიამ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2017 წლის ევრობასკეტის შემდეგ დატოვა. ის წლების განმავლობაში ნაკრების კაპიტანი იყო. ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც წელს NBA-ს ჩემპიონი გახდა და კალათბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საჩემპიონო თასი საქართველოში ჩამოიტანა.

გასულ წელს, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და საერთაშორისო აპარეზზე საქართვეოს პოპულარიზაციისთვის ზაზა ფაჩულიას ღირსების ორდენი გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი