ახალი ამბები

ზაზა ფაჩულია: მშვიდობით ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო, კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა!

7 სექტემბერი, 2017 • 2113
ზაზა ფაჩულია: მშვიდობით ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო, კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა!

საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია ფეისბუკის გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კაპიტნობიდან მიდის:

“ძალიან რთულია დატოვო ის, რაც მრავალი წელი შენ ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. B დივიზიონიდან ევროპამდე არ იყო მარტივი გზა, დამეთახმებით. 17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ გამოგვივიდა და დანარჩენს, დიდი იმედი მაქვს, მომავალი თაობები გააგრძელებენ.

ძალიან მინდოდა სხვანაირი დასასრული, მაგრამ, სამწუხაროდ, ტრავმამ მეტის საშუალება არ მომცა, მაგრამ სურვილი და გამარჯვების ჟინი არასდროს დამიშურებია. ყველაზე ძალიან გული მწყდება გულშემატკივარზე, რომლის თანადგომას ეს ნაკრები ყოველთვის გრძნობდა და პირადად მე ჩემი კარიერის განმავლობაში.

მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენ უფრო დიდ სიხარულს იმსახურებდით და კვლავ მომავლის იმედით. ახლა კი მშვიდობით, ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო, კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება.

მადლობა”, – წერს ფაჩულია.

შეგახსენებთ, რომ ისრაელიში მიმდინარე ევრობასკეტ 2017-ზე საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები გუშინ იტალიასთან დაძაბულ ბრძოლაში 2 ქულით (69:71) დამარცხდა და ჯგუფიდან ვერ გავიდა. D ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა ხუთი მატჩიდან ორი მოიგო.

მასალების გადაბეჭდვის წესი