პატრულმა საკვებითა და წყლით დატვირთული ჩვენი მიკროავტობუსი გაიტაცა – ხაბეიშვილი

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ისანში მათი კუთვნილი მიკროავტობუსი გაიტაცეს, რომლითაც აქციის მონაწილეები წყლით და საკვებით უნდა მოემარაგებინა. ამის შესახებ ხაბეიშვილმა პარლამენტის წინ განაცხადა, სადაც აქცია უნდა გაიმართოს.

ხაბეიშვილის თქმით, პოლიციელებს არავითარი სამართალდარღვევის ოქმი არ შეუდგენიათ, მძღოლი ავტომობილიდან ჩამოსვეს და მიკროავტობუსი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

“არავინ არ ვიცით, რატომ გაიტაცეს ჩვენი მიკროავტობუსი. დღეს დილიდან დააკავეს აქციის მონაწილეები, მოიტაცეს პოლიტიკოსები, ახლა გაიტაცეს მიკროავტობუსი. საბოლოო ჯამში, შეიძლება აქციის მონაწილეების მოტაცებაც დაიწყონ”, – განაცხადა ხაბეიშვილმა და შსს-ს მანქანის უკან დაბრუნებისაკენ მოუწოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მიკროავტობუსი გუშინ საღამოს პატრულ-ინსპექტორის დაუმორჩილებლობის გამო გადაიყვანეს საჯარიმოზე. შსს-ში ასევე აცხადებენ, რომ კანონმდებლობის დაცვით შედგენილია ოქმიც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com