სასამართლომ ანა დოლიძის სარჩელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა

დღეს, 7 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ანა დოლიძის სარჩელი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ.

მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა საბჭოს მიერ მიღებული განკარგულებების კანონიერების საკითხი, რომელიც ეხება 2018 წლის 6,7,8 თებერვალს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესიდან 14 მოსამართლის მიერ გაცხადებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსარჩელის აცილებას.

საქმე ეხება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ანა დოლიძის მხრიდან საჯარო სივრცეში გამოთქმულ მოსაზრებებს მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის მიმართ. კონკურსში მონაწილე 14-მა მოსამართლემ ეს მოსარჩელის მხრიდან წინასწარ ჩამოყალიბებულ და გაცხადებულ პოზიციად მიიჩნია, რაც ანა დოლიძის აცილების თაობაზე მათი შუამდგომლობის საფუძველი გახდა, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სარჩელი იყო უსაფუძვლო, ვინაიდან მოსარჩელის მიერ გავრცელებული განცხადებები ობიექტურ დამკვირვებელს უჩენდა საფუძვლიან ეჭვს ანა დოლიძის მიუკერძოებლობაში, ხოლო სადავო გადაწყვეტილებები სრულ შესაბამისობაში იყო ორგანულ კანონთან ‘’საერთო სასამართლოების შესახებ’’, ასევე, სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ მოქმედ კანონმდებლობასთან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.