ახალი ამბები

კვირიკაშვილს არასამთავრობოების კრიტიკაზე მოქალაქეები “ჰაჰა” რეაქციებით დასცინიან

5 ივნისი, 2018 • 4990
კვირიკაშვილს არასამთავრობოების კრიტიკაზე მოქალაქეები “ჰაჰა” რეაქციებით დასცინიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ფეისბუქ პოსტს, რომელშიც ის არასამთავრობო სექტორს აკრიტიკებს, ათასობით ადამიანმა “ჰაჰა” რეაქციით უპასუხა.

პრემიერი აღნიშნული პოსტით არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას ეხმაურება, რომლითაც მესამე სექტორი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს. არასამთავრობოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ წულუკიანის მინისტრობის პირობებში მთავარი პროკურორის საკუთარ კანდიდატურას არ წამოაყენებენ.

კვირიკაშვილმა აღნიშნული განცხადება გააკრიტიკა და NGO-ები ულტიმატუმის ენით საუბარში დაადანაშაულა.

“მიუღებელია, რომ არასამთავრობოების ნაწილი ულტიმატუმის ენით გვესაუბრება და ცდილობს, ბოიკოტის გამოცხადებით ეჭვქვეშ დააყენოს პროცესის ლეგიტიმაცია. მათ განცხადებებში იკვეთება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა, რაც ასევე სრულიად მიუღებელია. ამიტომ მოვუწოდებ მათ, ნუ გასცდებიან საკუთარი საქმიანობის მანდატს და თუ მათი მიზანი მართლაც პროცესის გამჭვირვალედ წარმართვაა, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ თავიანთ გადაწყვეტილებებს.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნას, ეს არის სრულიად აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებული მოთხოვნა”, – წერს კვირიკაშვილი და დასძენს, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იქნება.

პოსტს საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკული კომენტარები მალევე მოჰყვა, ცოტა ხანში კი “ჰაჰა” რეაქციები გიორგი კვირიკაშვილის პოსტზე პირველ ადგილზე მოექცა.

  • ამბის გაგრძელება:

მას შემდეგ, რაც გიორგი კვირიკაშვილის ერთ-ერთ ბოლო ფეისბუქ პოსტზე ათასობით ადამიანმა “ჰაჰა” რეაქცია გამოხატა, პოსტზე დაიწყო მოწონებების სწრაფი ტემპით მატება. როგორც აღმოჩნდა, ეს მაჩვენებელი ძირითადად უცხო ქვეყნებში დარეგისტრირებული მომხმარებლების ხარჯზე გაიზარდა.

“პრემიერის ბოტები” – კვირიკაშვილის ფეისბუქ მოწონებები ხელოვნურად იზრდება

მასალების გადაბეჭდვის წესი