მას შემდეგ, რაც გიორგი კვირიკაშვილის ერთ-ერთ ბოლო ფეისბუქ პოსტზე ათასობით ადამიანმა “ჰაჰა” რეაქცია გამოხატა, პოსტზე დაიწყო მოწონებების სწრაფი ტემპით მატება. როგორც აღმოჩნდა, ეს მაჩვენებელი ძირითადად უცხო ქვეყნებში დარეგისტრირებული მომხმარებლების ხარჯზე გაიზარდა.
პრემიერის პოსტს იწონებენ ინდოეთიდან, ბანგლადეშიდან, ვიეტნამიდან, პაკისტანიდან და სხვა ქვეყნებიდან. აღნიშნული ტენდენცია ბოლო რამდენიმე საათის მანძილზე შეიმჩნევა. სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული მომხმარებლები “ჰაჰა” რეაქციის განყოფილებაშიც გვხვდება, თუმცა, გაცილებით დაბალი ინტენსივობით.
პოსტით, რომელიც დღეს ფეისბუქ მომხმარებლებში განსაკუთრებული განხილვის საგნად იქცა, პრემიერ-მინისტრი არასამთავრობო სექტორს აკრიტიკებს. NGO-ების განცხადება, რომლითაც ისინი თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ, მანამდე კი მთავარი პროკურორის კანდიდატურის დასახელებას არ აპირებენ, პრეიმიერმა ულტიმატუმად შეაფასა.
“მიუღებელია, რომ არასამთავრობოების ნაწილი ულტიმატუმის ენით გვესაუბრება და ცდილობს, ბოიკოტის გამოცხადებით ეჭვქვეშ დააყენოს პროცესის ლეგიტიმაცია. მათ განცხადებებში იკვეთება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა, რაც ასევე სრულიად მიუღებელია. ამიტომ მოვუწოდებ მათ, ნუ გასცდებიან საკუთარი საქმიანობის მანდატს და თუ მათი მიზანი მართლაც პროცესის გამჭვირვალედ წარმართვაა, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ თავიანთ გადაწყვეტილებებს”, – წერს კვირიკაშვილი და დასძენს, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იქნება.
აღნიშნულ პოსტს მოქალაქეთა ინტერნეტ პროტესტი მოჰყვა. ათასობით მომხმარებელმა პრემიერს “ჰაჰა” რეაქცია და უარყოფითი კომენტარები დაუწერა. სწორედ აღნიშნულის შემდეგ დაიწყო პოსტზე მოწონებების სწრაფი ზრდა საზღვარგარეთიდან.