“ჯორჯიან ეარვეისი” აეროპორტის ტერიტორიაზე აქციის გამართვას გეგმავს

“ჯორჯიან ეარვეისი” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. აქციის ზუსტი დრო ჯერ უცნობია, თუმცა, კომპანიის ინფორმაციით, საპროტესტო აქცია მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება. აქციის გამართვის მიზეზად კომპანიაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ “ტავ ჯორჯიასთან” ტარიფის გაიაფებაზე უშედეგოდ დასრულებულ მოლაპარაკებებს ასახელებენ.

“მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე წელიწადზე მეტია ვცდილობთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ თურქულ კომპანიასთან, “ტავ ურბან ჯორჯიასთან” მოლაპარაკებას ავიაბილეთების ფასების გაიაფებასთან დაკავშირებით, რამაც შედეგი არ გამოიღო. სამწუხაროდ, სხვა გზა არ დაგვრჩა და იძულებული ვართ გთხოვოთ გვერდში დგომა, რომ ვაიძულოთ “ტავ ურბან ჯორჯია” გავიდეს საქართველოდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გააგრძელებენ ჩვენი აეროპორტების მართვას მინიმუმ 2027 წლამდე,” – წერია “ჯორჯიან ეარვეისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ტავ ჯორჯია”  აცხადებს, რომ “აირზენას” ხელს არ უშლიან ავიაბილეთის გაიაფებაში. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ  “ჯორჯიან ეარვეისის” შემთხვევაში ორმხრივი (გაფრენა-მოფრენა) ბილეთის ღირებულებიდან ტავის წილი საშუალოდ 33$ შეადგენს.

“შეგვიძლია მოვიყვანოთ რამოდენიმე მიმართულება, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯორჯიან ეარვეისთან ერთად სხვა უცხოური ავიაკომპანიებიც ასრულებენ. მოსკოვისა და კიევის მიმართულებით ჯორჯიან ეარვეისის ბილეთის ღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე Aeroflot, Pobeda და Ukraine International Airways. უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი უცხოური ავიაკომპანიები არ სარგებლობენ ანალოგიური სპეციალური ფასდაკლებებით, მეტიც, Georgian Airways-სგან განსხვავებით მათ ყველა სახმელეთო მომსახურებას TAV Georgia უწევს,”-წერია ტავის განცხადებაში.


“ტავ ჯორჯია” თურქული “ტავ და ურბანის” მიერ დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  მართვის უფლებით 2005 წელს შევიდა. ამჟამად მოქმედი კონტრაქტით, შპს ”ტავ-ურბან საქართველო” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებას 2027 წლამდე განახორციელებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.