ეკონომიკა

მთავრობასა და “ტავ–ჯორჯიას” შორის მოლაპარაკების დეტალები

27 ივლისი, 2013 • 3389
მთავრობასა და “ტავ–ჯორჯიას” შორის მოლაპარაკების დეტალები

ახალი ხელშეკრულება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაქირავებულმა იურიდიულმა კომპანიამ მოამზადა, “ტავ ჯორჯიამ” 2013 წლის 12 ივნისს მიიღო.

 

„ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი მეთე ერქალი ამბობს, რომ მიმდინარეობს არსებული ხელშეკრულების გადახედვა და მასში გარკვეული ცვლილებები იგეგმება, თუმცა მოლაპარაკებების დასრულებამდე კონკრეტიკისგან თავს იკავებს:

 

“რაც შეეხება ჩვენი კომპანიის გასვლას თბილისის აეროპორტიდან, მსგავსი თემა არ გაჟღერებულა საერთო შეხვედრების დროს, ამიტომ ჩვენ არ ვადასტურებთ იმ ალბათობას, რომ 2027 წლამდე „ტავ ჯორჯიამ“ შეიძლება შეაჩეროს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერირება.”

 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა შეეცდება თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში “ტავ ჯორჯიას” ოპერატორის სტატუსი შეუნარჩუნოს: 

 

“იყო სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ შევთანხმდებით ისეთ ხელშეკრულებაზე, რომელიც ქვეყანას წაადგება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი განწყობა არის ინვესტორის შენარჩუნება.”

 

ხელშეკრულების დეტალებზე მოლაპარაკების დასრულებამდე მხარეები არ საუბრობენ, თუმცა ავიაკომპანია “აირზენას” ხელმძღვანელის, იასე ზაუტაშვილის ინფორმაციით, ხელშეკრულებაში, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ “ტავ ჯორჯიას” გადაუგზავნა, “კაბალური მუხლები” რჩება:

 

“ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ახალ ხელშეკრულებაში ისევ რჩება კაბალური მუხლი. ვიდრე “ტავი” თბილისის და ბათუმის აეროპორტს მართავს, საქართველოს მთავრობას 150 კილომეტრის რადიუსში აეროპორტის აშენების უფლება არ აქვს. ჩვენ შევთავაზეთ ვაზიანის აეროდრომის რეაბილიტაცია ხელისუფლებას. რადგან ამ მუხლს არ იღებენ, ახლის აშენება კი არ მოხდება, არამედ მოხდება ვაზიანის რენოვაცია. ამაზე “ტავ ჯორჯიაში” ხმას ვერ ამოიღებენ,” – აცხადებს ზაუტაშვილი.

 

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ვაზიანის აეროდრომის რეაბილიტაციის თემა განიხილება, თუმცა ეს ამ ეტაპზე ახლო პერსპექტივა არ არის:

 

“წინასწარი შეფასებები გავაკეთეთ, რომ ვაზიანში გაკეთდეს, ასე ვთქვათ, თუნდაც სატვირთო აეროდრომი. ამ ეტაპზე თურქულ მენეჯერ კომპანია “ტავ ჯორჯიასთან” ურთიერთობის კონტექსტში ეს საკითხი არ განიხილება. თბილისის აეროპორტი, როგორც ვითარდებოდა, ისე ვითარდება, საკმაოდ სწრაფი ტემპით. თბილისის აეროპორტის გარშემო ბევრი ინვესტიცია იდება, კეთდება ლოჯისტიკური ცენტრები. ჩვენ არ შეიძლება უარი ვთქვათ მთავარ აეროპორტზე, თბილსის აეროპორტი აუცილებლად განვითარედება და მას კარგი მომავალი აქვს. რაც შეეხება ვაზიანს, ალტერნატივად შეიძლება განიხილებოდეს. ეს არის წინასწარი განხილვა, რომელიც არ არის გამოსაცხადებელი. ძალიან კარგი ადგილია ვაზიანი აეროპორტის გასაკეთებლად, თუმცა ეს უახლოეს პერსპეტივაში არ განიხილება.”

თბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი

ბოლო პერიოდში “ტავ–ჯორჯიას” მიმართ უკმაყოფილების გამძაფრება თბილისის აეროპორტში ამორტიზებულ ასაფრენ–დასაფრენ ბილიკს უკავშირდება, თუმცა ამის გამო შექმნილ პრობლემებზე ღიად ჯერჯერობით “აირზენა” საუბრობს. რამდენიმე კვირის წინ “აირზენას” რეისი დაგვიანებით შესრულდა ბათუმიდან თბილისის მიმართულებით და მგზავრებს, მათ შორის მთავრობის წევრებსა და დიპლომატებს, რამდენიმესაათიანი ლოდინი მოუხდათ აეროპორტში. “აირზენამ” განმარტა, რომ რეისი თბილისის აეროპორტში ასაფრენ ბილიკთან დაკავშირებული პრობლემების გამო დაგვიანდა. რამდენიმე დღის წინ კი რუსეთის მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ “აირზენას” რეისი, რომლითაც პრემიერი ივანიშვილი მგზავრობდა ვილნიუსის მიმართულებით, რამდენიმე წუთით დაგვიანდა იგივე მიზეზების გამო.

 

“აირზენას” ხელმძღვანელი იასე ზაუტაშვილი ამბობს, რომ თბილისის აეროპორტის ასაფრენი ბილიკით სარგებლობა არ არის უსაფრთხო:

 

“ასაფრენი ბილიკის ფილები 1992 წელს არის გაკეთებული. ეს ფილები არის გათვლილი გაცილებით ნაკლები ტვირთამწეობის თვითმფრინავებზე, ვიდრე დღესდღეობით თბილისის აეროპორტში ჯდება. ფილები 150 ტონაზეა გათვლილი.  თბილისის აეროპორტში კი 200–350 ტონის ტვირთამწეობის თვითმფრინავბი ჯდება. ეს არის სარისკო. შეიძლება ფილა ამოვარდეს და ვერ აგუძლოს ასაფრენმა ბილიკმა. ამოყრილია ასევე ასფალტი. ეს ნაფხვენების სახით ხვდება თვითმფრინავის ძრავაში, რაც არის მატერიალური ზარალი ნებისმიერი კომპანიისთვის და ზედმეტი ვიბრაცია და რესურსის ხარჯვა თვითმფრინავისთვის”.

 

ააშენებს თუ არა “ტავ ჯორჯია” ახალ ასაფრენ ბილიკს, ჯერჯერობით ეს საკითხიც ღიად რჩება. „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი მეთე ერქალი ამბობს, რომ „ტავ ჯორჯიამ“ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის ააშენოს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი:

 

“ჩვენ მზად ვიყავით განგვეხორციელებინა 64 მილიონი დოლარის ინვესტიცია და დავიწყეთ კიდეც სარემონტო სამუშაოები გასული წლის სექტემბერში. როგორც იცით, მთავრობამ ეს მშენებლობა დროებით შეაჩერა, არსებული მემორანდუმის გადახედვის მოტივით. ააშენებს თუ არა „ტავ ჯორჯია“ ახალ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, ეს მთავრობის გადასაწყვეტია.”

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანია “ტავ ჯორჯიამ” ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობა 2012 წლის  სექტემბერში დაიწყო, რისთვისაც 64 მილიონის ინვესტირება იყო დაგეგმილი. ამ ინვესტიციის სანაცვლოდ, “ტავ ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვის უფლება 2037 წლის ნოემბრამდე გაუხანგრძლივდა. ხელშეკრულება მართვის უფლების 10 წლითა და 9 თვით გაგრძელებასთან დაკავშირებით  “ტავ ჯორჯიასა” და სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” შორის გაფორმდა.

 

საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თბილისის აეროპორტში ასაფრენი ბილიკის მშენებლობა შეჩერდა და დღემდე გაჩერებულია.

 

თურქული „ტავ და ურბანი“, რომელიც “ტავ ჯორჯიას” დამფუძნებელი კომპანიაა,  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15– წლიანი მართვის უფლებით 2005 წელს შევიდა. თბილისის ახალი აეროპორტის აშენებაზე კომპანიამ 62 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. 2007 წელს ახალი აეროპორტი გაიხსნა. თურქულმა კომპანიამ 15 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ბათუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის გაიღო. როგორც ამ დრომდეა ცნობილი, „ტავ და ურბანმა“ საქართველოში სულ 95 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი