აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებულია წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს და აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნა სრულიად აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებულია.

“მინდა, გამოვეხმაურო არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის მოთხოვნას, რომელიც მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობის სანაცვლოდ იუსტიციის მინისტრის გადადგომის პირობას აყენებს.

ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მაქსიმალურად ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას უზრუნველვყოფთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პროცესში საზოგადოების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. იუსტიციის სამინისტრომ კანონის შესაბამისად პროცედურები უკვე დაიწყო.

მიუღებელია, რომ არასამთავრობოების ნაწილი ულტიმატუმის ენით გვესაუბრება და ცდილობს, ბოიკოტის გამოცხადებით ეჭვქვეშ დააყენოს პროცესის ლეგიტიმაცია. მათ განცხადებებში იკვეთება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა, რაც ასევე სრულიად მიუღებელია. ამიტომ მოვუწოდებ მათ, ნუ გასცდებიან საკუთარი საქმიანობის მანდატს და თუ მათი მიზანი მართლაც პროცესის გამჭვირვალედ წარმართვაა, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ თავიანთ გადაწყვეტილებებს.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნას, ეს არის სრულიად აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებული მოთხოვნა,” – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს, 5 ივნისს გამართულ პრესკონპერენციაზე განაცხადეს.

მათივე განცხადებით, ისინი არ დაასახელებენ მთავარი პროკურორობის კანდიდატს და მხოლოდ ახალი იუსტიციის მინისტრის პირობებში გამართავენ კონსულტაციებს მთავარი პროკურორობის კანდიდატთან დაკავშირებით.  თეა წულუკიანის გადადგომაზე არასამთავრობოების მოთხოვნას “გირჩი” და “რესპუბლიკელებიც” შეუერთდნენ.

მთავარი პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად ირაკლი შოთაძე გადადგა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ახალ მთავარ პროკურორს დანიშნავენ საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.