ახალი ამბები

რესპუბლიკური პარტია უერთდება NGO-ების მოთხოვნას წულუკიანის გადადგომაზე

5 ივნისი, 2018 • 2724
რესპუბლიკური პარტია უერთდება NGO-ების მოთხოვნას წულუკიანის გადადგომაზე

საქართველოს რესპუბლიკური პარტია უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, გადადგომის შესახებ.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ საღ აზრს სცილდება იუსტიციის მინისტრის განცხადებები და გამოვლენილი დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ:

“პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში პოლიტიკური კორუფციაა და უგულებელყოფილია ადამიანის უფლებების ფუნდამენტური საფუძვლები. ამ პროცესებში ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურა სწორედ იუსტიციის მინისტრია. ის უკვე მეხუთეჯერ იწყებს საქართველოს მთავარი პროკურორის შესარჩევ კონკურსს. ამჯერადაც, კონკურსის შერჩევა დაიწყო ტენდენციურად და მინისტრის შეხედულებისამებრ შერჩეული საზოგადოების წარმომადგენლების მოწვევით, რაც იმთავითვე ადასტურებს ქართული ოცნების პოლიტიკური დაკვეთის შესრულების მცდელობას.

თეა წულუკიანი გამოირჩევა ბიძინა ივანიშვილისადმი უპირობო, თავგანწირული მორჩილებით. ამ გზაზე მან უარყო ყველა ის ღირებულება, რომლის დაცვის დეკლარირებული განცხადებით მოვიდა ხელისუფლებაში. მისი უტიფარი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ არ ტოვებს მბჟუტავ იმედსაც კი, რომ ის შეძლებს ვალდებულებების გააზრებას და პროცესების სწორად წარმართვას – ვკითხულობთ “რესპუბლიკური პარტიის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წულუკიანის გადადგომის მოთხოვნის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს, 5 ივნისს გამართულ პრესკონპერენციაზე განაცხადეს.

მათივე განცხადებით, ისინი არ დაასახელებენ მთავარი პროკურორობის კანდიდატს და მხოლოდ ახალი იუსტიციის მინისტრის პირობებში გამართავენ კონსულტაციებს მთავარი პროკურორობის კანდიდატთან დაკავშირებით.

მთავარი პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად ირაკლი შოთაძე გადადგა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ახალ მთავარ პროკურორს დანიშნავენ საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე გასულ წელს მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დათო სარალიძის მამა მთავარ პროკურატურას დანაშაულის ჩამდენების მფარველობაში ადანაშაულებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი