“გირჩი” თეა წულუკიანის გადადგომაზე არასამთავრობოების მოთხოვნას უერთდება

“გირჩი” უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას და აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პროკურორის თანამდებობაზე სისტემის შიგნით შერჩეული პირი არ უნდა დაინიშნოს. “გირჩში” მიაჩნიათ, რომ თუ მთავარი პროკურორი “სისტემის გარედან” არ მოვა, პროკურატურაში არაფერი შეიცვლება.

“თუ გვინდა, რომ მომავალ გენერალურ პროკურორს ჰქონდეს რაიმე ლეგიტიმაცია მაინც, მისი არჩევის პროცესთან არაფერი უნდა ჰქონდეს საერთო დღევანდელ იუსტიციის მინისტრს.

სასამართლოსა და პროკურატურაში არსებული სავალალო მდგომარეობა, მნიშვნელოვანწილად, სწორედ მისი პასუხისმგებლობაა და არცერთი თავმოყვარე ორგანიზაცია მასთან კონსულტაციებზე არ უნდა დაჯდეს. ამიტომ გირჩი უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას თეა წულუკიანის გადაყენების თაობაზე.

ამავე დროს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი გენერალური პროკურორი უნდა იყოს ადამიანი “სისტემის გარედან”, რომელიც დადებს პროკურატურის დეცენტრალიზაციისა და დეპოლიტიზაციის გასაგებ და რეალისტურ გეგმას – რომ პროკურატურა აღარ იყოს სადამსჯელო მექანიზმი ყველა ხელისუფლების ხელში. სხვა შემთხვევაში წავალთ შემდეგ წრეზე,”-წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს, 5 ივნისს გამართულ პრესკონპერენციაზე განაცხადეს.

მათივე განცხადებით, ისინი არ დაასახელებენ მთავარი პროკურორობის კანდიდატს და მხოლოდ ახალი იუსტიციის მინისტრის პირობებში გამართავენ კონსულტაციებს მთავარი პროკურორობის კანდიდატთან დაკავშირებით.

მთავარი პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად ირაკლი შოთაძე გადადგა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ახალ მთავარ პროკურორს დანიშნავენ საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.