ზაზა სარალიძე – ირაკლი შოთაძის გადაგომა დღეს არაფერს მაძლევს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მოითხოვს, რომ ირაკლი შოთაძის და საქმის პროკურორების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

“შოთაძის გადადგომა არაფერია, ის დაუყოვნებლივ პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ასევე  უნდა დადგეს მალხაზ კაპანაძისა (თბილისის პროკურორი) და ამ საქმის პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხი. თუ ამ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, სახლში არ წავალ და აქ ვიქნები მანამ, სანამ ჩემი შვილის მკვლელები და ისინი, ვინც მათ ხელს აფარებდა, არ დაისჯებიან,”-განაცხადა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ზაზა სარალიძემ.


თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დღეს, 31 მაისს, გადადგა. მის გადადგომა წინ უძღოდა სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქცია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.