ლიუბლიანას ციხესიმაგრე. ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

დროშები, განათებული შენობები, საზეიმო მიღებები – როგორ ულოცავენ საქართველოს მსოფლიოში

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სპეციალური ღონისძიებებით ულოცავენ.  სხვა ქვეყნებთან ერთად სლოვენიაც ულოცავს. სახელმწიფოთა ნაწილში ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა, რამდენიმე ქალაქში კი ქვეყნის ეროვნული დროშები აღიმართა. მოეწყო რამდენიმე საიუბილეო ღონისძიებაც.

ლიტვაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავის აღსანიშნავად რამდენიმე შენობა ქვეყნის ეროვნული დროშის ფერებში განათდა; მათ შორის, ხიდები მდინარე ნერისზე და სამი ჯვრის მონუმენტი. ამასთან, ლიტვის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შენობის ფასადზე სიმბოლური წარწერა  განათავსა და ადმინისტრაციის წინ მდებარე მოედანზე საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სლოვენიაშიც მიულოცეს: ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშანობა – ლუბლიანის ციხესიმაგრე 25-26 მაისის ღამეს საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

დემოკრატიული რესპუბლიკის დაბადების დღე საქართველოს ესტონეთმაც მიულოცა – საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისიტრის მოადგილე პაულ ტესალუ, თანამშრომლებისა და კამერული გუნდის “კოლეგიუმ მუზიკალეს” თანხლებით, მოულოდნელად ეწვია საქართველოს საელჩოს და ქვეყნის ელჩს დამოუკიდებლობის დღე “Happy Birthday”-ს შესრულებით მიულოცა. ამავე დროს, ესტონეთის ქალაქებში- ტარტუს, პიარნუსა და ვილაინდის ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ  ღირსშესანიშნაობები განათდა საქართველოს დროშის ფერებში, ხოლო ტალინის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე საქართველოს დროშები დამონტაჟდა.

დამოუკიდებლობის დღემდე ორი დღით ადრე, 24 მაისს, საიუბილეო თარიღი გაეროში საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს. ღონისძიებაზე პირველი რესპუბლიკის შესახებ მოკლემეტრაჟანი ფილმი აჩვენეს და შოთა რუსთაველის საიუბილეო მარკის პრეზინტაცია გამართეს. დღის ბოლოს აშშ-ში მოღვაწე ჯაზ-მუსიკოსის, გიორგი მიქაძისა და ანსამბლ “ბასიანის” მონაწილეობით კონცენრტიც გაიმართა.

საიუბილეო თარიღი საქართველოს სხვა ქვეყნებმაც მიულოცეს. თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ე.წ. “ანკარის ტყუპი ცათამბჯენი”, ასევე  კორეაში, სეულის მუნიციპალიტეტის, პორტუგალიაში ლისაბონის მერიის და ესტონეთში საქართველოს საელჩოს შენობები ხუთჯვრიანი დროშის ფერებში განათდა. ირლანდიაში, დუბლინის ცენტრში, კანადის დედაქალაქ ოტავას მერიის შენობასა და სხვა ცენტრალურ შენობებზე კი ეროვნული სიმბოლიკა გამოფინეს. საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ ლატვიაში, სადაც რიგაში, საქართველოს საელჩოს შენობის წინ მოლზე განთავსდება საქართველოს დროშის ამსახველი ყვავილების კომპოზიცია. ტრადიციულად, ქართული ჩოხით შეიმოსა ბელგიაში, ბრიუსელის სიმბოლო Manneken-Pis.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით ზემოაღნიშნული აქტივობების პარალელურად სხვადასხვა ქვეყნებში შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებები, კონფერენციები, და მიღებები იმართება, რომელბშიც ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, ანალიტიკური წრეებისა და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან