ახალი ამბები

გვარამიას თქმით, საპატრიარქოს განცხადება თეთრუაშვილმა და რამდენიმე მღვდელმა დაწერეს

24 მაისი, 2018 • 4653
გვარამიას თქმით, საპატრიარქოს განცხადება თეთრუაშვილმა და რამდენიმე მღვდელმა დაწერეს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია  დარწმუნბულია, რომ ილია მეორე საქმის კურსში არ არის იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებსაც საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს ბოლო პერიოდში. ამის შესახებ გვარამიამ ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა.

ნიკა გვარმია საპატრიარქოს სახელით გავრცელებულ დღევანდელ განცხადებას “რუსთავი 2”-ის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილს, ასევე, რამდენიმე მღვდელსა და მათთან დაკავშირებულ სამოქალაქო პირებს უკავშირებს, რომლებიც მისი თქმით, “ქართული ოცნების” დღის წესრიგს მიჰყვებიან.

“ეს არა არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეკლესიის სახელით ვრცელდება იმგვარი განცხადებები, რომელიც ილია მეორესთან არანაირად თანხმდება და ამასთანავე ეწინააღმდეგება იმ პათოსს, რომელსაც ეს ადამიანი ქადაგებს. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. ეს არის 3-4 ადამიანი, რომელიც დღეს ზის და წერს/კითხულობს, რასაც უნდა. ესენი არ არიან მხოლოდ საეკლესიო პირები. ეს არის, უპირველეს ყოვლისა, არასაეკლესიო პირები, მაგალითად, შორენა თეთრუაშვილი, ასევე, რამდენიმე შავრაზმელი სამღვდელო პირი და მათთან დაკავშირებული ყველასათვის ცნობილი ოდიოზური ფიგურები,” – განუცხადა ნეტგაზეთს ნიკა გვარამიამ.

როგორც ნიკა გვარამია ამბობს, მიტროპოლიტ შიოს [მუჯირი] არ იცნობს და არანაირი ინფორმაცია აქვს პატრიარქის მოსაყდრის პოზიციაზე:

“არც მისი პოზიციები არ ვიცი რიგ ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ, მას უნდა ჰკითხოთ, რა პოზიცია აქვს.”

ნიკა გვარამიას განცხადებით, დღეს საპატრიარქო პოლიტიკურ ფუნქციას ასრულებს, ასევე, ეწევა დესტრუქციულ ქმედებებს ქართული ეკლესიისთვის და სახელმწიფოსთვის. მისი თქმით, საპატრიარქო “ქართული ოცნებისა” და რუსეთის ინტერესებს ატარებს.

“საპატრიარქოს როცა ვამბობ, არ ვგულისხმობ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, საქმის კურსშიც არ არის იმ განცხადებების, რაც ბოლო პერიოდში საპატრიარქოს სახელით იდება. კონკრეტული ადამიანების ჯგუფს აქვს ჩაგდებული [ხელში] ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მართვა დღეს და ამ მართვის შედეგად ეკლესია მიჰყავს ძალიან ცუდი მიმართულებით – ამას აჩვენებს ყველა კვლევა; ეკლესიას უმცირდება მრევლი, ეკლესიის მიმართ მცირდება ნდობა და ეს კეთდება მიზანმიმართულად, დარწმუნებული ვარ.

ეს არის “ქართული ოცნების” დღის წესრიგი, რომელსაც ასრულებს ეს ჯგუფი. შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფს, ქართულ ოცნებასთან ერთობლივად, ჰყავს სინდისის პატიმარი “ციანიდის საქმეზე” – დეკანოზი მამალაძე. კიდევ ძალიან ბევრ დავალებას ასრულებენ შეთანხმებულად “ქართული ოცნება” და საქართველოს საპატრიარქოში მოკალათებული შავბნელი ძალები, კლერიკალური ძალები. ამ განცხადებით ისინი აღვივებენ შუღლს ადამიანებს შორის, რაც სრულიად მიუღებელია ეკლესიის მხრიდან, რომელიც, პირიქით, მშვიდობას უნდა ქადაგებდეს,”  – აცხადებს “რუსთავი 2′-ის გენერალური დირექტორი.

როგორც გვარამია აცხადებს, საპატრიარქოს შავრაზმული ჯგუფის წევრები მოითხოვენ ოფიციალურად საეკლესიო შინაარსის სახელმწიფო ცენზურას, ამით ერევიან სახელმწიფო საქმიანობაში და მთლიანად სცდებიან საერო/სეკულარული სახელმწიფოს იდეას:

“ასევე, აძლევენ “ქართულ ოცნებას” ერთგვარ ლეგიტიმურ მოტივს, რომ ბოიკოტირება მოახდინონ “რუსთავი 2”-ის და ამ მხრივ ერევიან პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. ყველაფერი ეს სრულიად მიუღებელია ეკლესიისთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი მიმართულია ქართული სახელმწიფოს და ეკლესიის დესტრუქციისკენ. ეს აწყობს ორ ძალას სამყაროში – პირველ რიგში, ეს არის “ქართული ოცნება” და რუსეთი. ზუსტად ამ ორი მიმართულების დაკვეთას ასრულებს დღეს საპატრიარქოში მოკალათებული შავრაზმული დაჯგუფება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ ავყვებით.”

ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ არ იზიარებს მოსაზრებას, თითქოს გიორგი გაბუნიას გადაცემა იყო ღვთისმგმობი.

“ეს გადაცემა იყო ცენზურაზე, რომელიც სწორედ ყოველთვის ეხება უმრავლესობისათვის გამაღიზიანებელ და მიუღებელ მოსაზრებებს. აბა, უმრავლესობისათვის მისაღებ მოსაზრებებზე ცენზურა არასდროს ვრცელდებოდა.

დიახ! საქართველოს საპატრიარქო დღეს არის ფლაგმანი ყოველგვარი შავრაზმული მოქმედებებისა საქართველოში, იქნება ეს 17 მაისის შავრაზმული ქმედებები და თავისუფლების შეზღუდვა, თუ დღევანდელი მოწოდებით განმტკიცებული თავისუფლების შეზღუდვის მოთხოვნა, კერძოდ, ცენზურის შემოღება – სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ყველაზე დიდი ტელევიზიის წინააღმდეგ,” – ამბობს “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი.

გარდა ამისა, როგორც ნიკა გვარამია აცხადებს, აბსოლუტურად ტყუილი ფაქტია მოყვანილი საპატრიარქოს განცხადებაში, თითქოს ტელეკომპანიაში გადაგზავნილ მასალაზე რეაგირება არ ყოფილა. სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ რეაგირება იმდღესვე იყო ამ საკითხთან დაკავშირებით და მიმდინარეობს მოკვლევა. მისი თქმით, ეს საკითხი იმავე ფორმატში გაშუქდება, რა ფორმატშიც თავდაპირველად გავრცელდა, კერძოდ, შემდგომ პროგრამა P.S.-ში.

სააკაშვილი: ღვთისმშობლის აგდებულად ხსენება შეურაცხყოფს მორწმუნე ქრისტიანების გრძნობებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო დღეს გავრცელებული განცხადებით სამღვდელოებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ არხის არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. საპატრიარქო ასევე აცხადებს, რომ სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ეკლესია და მისი ფასეულობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი