სასამართლოს გადაწყვეტილება მეტროს მემანქანეთა გაფიცვაზე საშიში პრეცედენტია – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მეტროს მემანქანეებს (ააიპ ერთობა 2013) გაფიცვის უფლება შეეზღუდათ, შრომითი უფლებებისათვის საზიანო და საშიში პრეცედენტია.

მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა 2018 წლის 3 მაისს დაგეგმეს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით გაფიცვა მაქსიმალური ვადით – 30 დღით გადავადდა. გაფიცვის დაწყების ახალ თარიღად 3 ივნისი გამოცხადდა, თუმცა, ამჯერად, სასამართლომ მეტროს მემანქანეებს განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვა „სამუშაო საათებში“.

“პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ გაფიცვა წარმოადგენს დასაქმებულის დროებით ნებაყოფლობით უარს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე. სამუშაო საათების შემდეგ შრომითი ვალდებულებები დასაქმებულებს არც ეკისრებათ, რის გამოც „სამუშაო საათების შემდეგ“ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობასა და გაფიცვაზე საუბარი სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია.

გარდა ამისა, ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“ გაფიცვის მხოლოდ ერთჯერადად, მაქსიმუმ 30 დღის ვადით გადადების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ორგანული კანონი უფრო მაღალი სამართლებრივი ძალის მქონე აქტია და ამავდროულად შეიცავს სპეციალურ ნორმებს უშუალოდ გაფიცვის საკითხთან დაკავშირებით. სასამართლომ ამ საკითხზე საერთოდ არ იმსჯელა და მიღებული გადაწყვეტილებით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გაფიცვის პრაქტიკაში რეალიზებას, ერთგვარად ილუზორულ და განუხორციელებელ უფლებად აქცევს მას,” – აცხადებს ომბუდსმენი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაფიცვის შეზღუდვის გადაწყვეტილება ამჯერად სამოქალაქო საპროცესო ნორმებზე დაყრდნობით, სარჩელის უზრუნველყოფის სახით მიიღო, რასაც წინ უნდა უსწრებდეს ვარაუდი, რომ სარჩელი (გაფიცვის უკანონოდ ცნობა) დაკმაყოფილდება:

“თუმცა სასამართლო არ მსჯელობს, თუ რას ემყარება აღნიშნული ვარაუდი და გაფიცვის უკანონობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების მოლოდინი, რის გამოც კითხვის ნიშნები ჩნდება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში საუბარია გაფიცვის 30 დღის ვადით გადადების განჩინების ზედა ინსტანციის სასამართლოს მიერ გაუქმებისა და მეტროპოლიტენის პარალიზების ალბათობაზე, რაც სრულიად უგულებელყოფს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სავალდებულოობის პრინციპს და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლე სწორედ სააპელაციო სასამართლოს არასასურველი გადაწყვეტილების შედეგების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.”

ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მეტროს მემანქანეებისათვის გაფიცვის უფლების განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვა წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არღვევს გაფიცვის უფლების არსს.

სოლიდარობა მეტროს მემანქანეებს – საპროტესტო აქცია რუსთაველის მეტროსთან. 23.05.2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გუშინ რუსთაველის მეტროსთან გააპროტესტეს.

EMC-ის ცნობით, რომელიც მემანქანეთა ინტერესებს იცავს, სასამართლოს განჩინება ეფუძნება შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებას, რომელიც განმარტავს, რომ კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს სარჩელის შეტანას გაცხადებული გაფიცვის უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით. კომპანიის შეფასებით, აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პროფესიულმა გაერთიანებამ უარი თქვა ყველა შესაძლო შემათანხმებელ პროცედურებში ჩართვაზე, რაც მათი შეფასებით წარმოადგენს გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესაძლებლობას.

მეტროს თანამშრომელთა პროტესტი – ყველა საიხლე

მიუხედავად თბიილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, თბილისის მეტროს ალტერნატიული პროფკავშირის, “ერთობა 2013”-ის მემანქანეები 3 ივნისს გაფიცვას მაინც აპირებენ.

თბილისის მეტროს მემანქანეებს და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. დავის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო, მეტროს თანამშრომლებმა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 დღის ვადით 2018 წლის 3 ივნისამდე გადაიდო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.