ახალი ამბები

“ჯორჯიან ეარვეისის” განცხადებით, ტავ ჯორჯიას მაღალი ტარიფის გამო ბილეთის ფასს ვერ ამცირებს

22 მაისი, 2018 • 3510
“ჯორჯიან ეარვეისის” განცხადებით, ტავ ჯორჯიას მაღალი ტარიფის გამო ბილეთის ფასს ვერ ამცირებს

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” თბილისის სერთაშორისო აეროპორტის მმართველ კომპანიას, “ტავ ჯორჯიას” უპირსპირდება და აცხადებს, რომ კომპანიის მოსაკრებელი საკმაოდ მაღალია, რის გამოც “ჯორჯიან ეარვეისი” ბილეთზე ფასის შემცირებას ვერ ახერხებს. კომპანიის ინფორმაციით, გასულ წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან  182 506 მგზავრის გდაყვენაში “ტავ ჯორჯიას”, ჯამში, 15 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადეს.

“მოსაკრებელი უფრო დაბალი რომ იყოს, ჩვენი კომპანიის ბილეთის ფასი უფრო კონკურენტული იქნებოდა. მაგალითად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩემი ინფორმაციით, მოსაკრებელი ერთ მგზავრზე სამი დოლარია. იმასთან შედარებით, რასაც ვიხდით, დიდი სხვაობაა. ქუთასის აეროპორტი მთავრობის განკარგულების ქვეშაა და ალბათ ამიტომ არის მოსაკრებელი იქ ასეთი დაბალია. ქუთაისის აეროპორტი თუ ასეთ დაბალ მოსაკრებელს აწესებს, ე.ი არსებობს გარკვეული მარჟა, რომ შესაძლოა მოსაკრებელი ამ რაოდენობით შემცირდეს. მაშინ ამის საშუალებას თბილისის აეროპორტიდან ოპერირება რატომ არ იძლევა?” -აცხადებს “ჯორჯიან ეარვეისის” გენერალური დირექტორი გივი დავითაშვილი.

განსხვავებულ მონაცემებს აქვეყნებს აეროპორტის მმართველი კომპანია “ტავ ჯორჯია”. კომპანიის თანახმად, 2017 წელს “ჯორჯიან ეარვეისის” 375 325 მგზავრს გაუწიეს მომსახურება და მომსახურების ღირებულება ერთ მგზავრზე, საშუალოდ, 16 დოლარი იყო. “ტავ ჯორჯიას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ წლების განმავლობაში “ჯორჯიან ეარვეისი” ზამთრის სანავიგაციო პერიოდში სპეციალური გადახდის გრაფიკით სარგებლობდა და მომსახურების ღირებულების 50%-ს ზაფხულის პერიოდში ფარავდა.

გივი დავითაშვილის თქმით, ასეთი გრაფიკით რამდენიმე წლის განმავლობაში მართლაც სარგებლობდნენ. “რამდენიმე წელი ასეთი გრაფიკი გვქონდა. ეს ჩვეულებრვი ამბავია ავიაციაში და აქ გასაკვირი და სასწაული არაფერია. ზამთარში მგზავრთა ნაკადი მკვეთრად შემცირებულია და ის დავალიანება, რაც ზამთრის პერიოდში დაგროვდება, სრულად ზაფხულის პერიოდში იფარება,” – ამბობს “ჯორჯიან ეარვეისის” გენერალური დირექტორი.

შ.პ.ს აეროპორტების გაერთიანებაში, რომლის მესაკუთრეც სახელმწიფოა და რომლის მოვალეობაც არის ქვეყანაში სამოქალაქო აეროპორტებისა და კომფორტული სააეროპორტო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ 2027 წლამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი “ტავ ჯორჯიას” მმართველობაშია გადაცემული და, შესაბამისად, ორ კომპანიას შორის ტარიფების საკითხზე არსებულ დავაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

“ტავ ჯორჯია” თურქული “ტავ და ურბანის” მიერ დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  მართვის უფლებით 2005 წელს შევიდა. ამჟამად მოქმედი კონტრაქტით, შპს ”ტავ-ურბან საქართველო” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებას 2027 წლამდე განახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი