EMC: სასამართლომ მეტროს თანამშრომლებს გაფიცვა განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 21 მაისს, მეტროს თანამშრომელთა პროფესიულ გაერთიანება “ერთობა-2013“-ს, განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, ხვალ, 2018 წლის 22 მაისს, 19:00 საათზე, მეტრო რუსთაველთან  აქციას გამართავენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი და „აუდიტორია 115. ისინი მხარდაჭერას გამოხატავენ თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელთა მოთხოვნების მიმართ.

თბილისის მეტროს მემანქანეებს და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო, მეტროს თანამშრომლებმა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 დღის ვადით 2018 წლის 3 ივნისამდე გადაიდო.

EMC-ის ცნობით, 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა პროფესიულ გაერთიანების წევრი მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება “სამუშაო საათების განმავლობაში“.

EMC-ის ცნობით, სასამართლოს 21 მაისის განჩინება ეფუძნება შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებას, რომელიც განმარტავს, რომ კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს სარჩელის შეტანას გაცხადებული გაფიცვის უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით, რაც კომპანიის შეფასებით განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პროფესიულმა გაერთიანებამ უარი თქვა ყველა შესაძლო შემათანხმებელ პროცედურებში ჩართვაზე, რაც მათი შეფასებით წარმოადგენს გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესაძლებლობას. სწორედ მითითებული მომავალი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, სასამართლომ მეტროს მემანქანეებს განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა უფლება გაფიცვის თაობაზე.

EMC-ის მიაჩნია რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ფაქტობრივად უკრძალავს მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლებას განუსაზღვრელი ვადით, მიუხედავად იმისა რომ განჩინებითვე სასამართლო უდავოდ (დადგენილად) მიიჩნევს იმ გარემოებებს, რაც გაფიცვის კანონიერად მიჩნევისათვის არის მნიშვნელოვანი. EMC სასამართლოს განჩინებას უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com