ახალი ამბები

მეტრო „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია სადგურის დაკეტვის გარეშე ჩატარდება — კალაძე

26 ივლისი, 2023 • 1119
მეტრო „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია სადგურის დაკეტვის გარეშე ჩატარდება — კალაძე

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები მეტროსადგურის დაკეტვის გარეშე ჩატარდება, თუმცა გარკვეულ არეალებში იქნება შეზღუდვები, როდესაც უშუალოდ ბაქნის მოპირკეთების სამუშაოები დაიწყება.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესი გაჭიანურდა, რადგან გამარჯვებულმა კომპანია „მამისონმა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები „ვერ და არ შეასრულა“.

„შესაბამისად, მოგვიწია მისი გაშვება და დღეს აღნიშნულ სამუშაოებს კომპანია „ბადა კონსტრაქშენი“ შეასრულებს. როდესაც პროექტის განხორციელებას ვიწყებდით, მთავრობის სხდომაზე ვთქვით, რომ მეტროსადგურის დროებით დაკეტვა მოგვიწევდა. დღეს მინდა გაცნობოთ, რომ სადგურის დაკეტვა არ დაგვჭირდება და რეაბილიტაცია ისე ჩატარდება. სამუშაოს შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და გეგმის მიხედვით, მომდევნო წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს“, — განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, რეკონსტრუქციის ფარგლებში, უკვე შემუშავდა სამუშაოთა წარმოების პროექტი, სადგურის დაბლა ბაქანზე აზბესტის ჭერის სრულად დემონტაჟი განხორციელდა, მიმდინარეობს ბაქნის ქვედა სამეურნეო სივრცეების სარემონტო სამუშაოები, განხორციელდა ბაქნის სივრცის დეტალური სკანირება, რაც აუცილებელია ჭერის მოპირკეთების პროექტის საბოლოო დაზუსტებისთვის.

უახლოეს პერიოდში ასევე დაგეგმილია ესკალატორის დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის დემონტაჟი.

მასალების გადაბეჭდვის წესი