ახალი ამბები

მეტროს 100-მდე ვაგონის შესაძენად 205 მლნ ევრო გამოიყოფა

5 მარტი, 2024 • 1387
მეტროს 100-მდე ვაგონის შესაძენად 205 მლნ ევრო გამოიყოფა

თბილისის მეტროს 100-მდე ვაგონის შესყიდვაზე 205 მილიონი ევრო გამოიყოფა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მიეცა უფლება, მეტროს ინფრასტრუქტურის აღჭურვის — 97 ვაგონისა და სასწავლო სიმულატორის — სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „მსოფლიო ბანკის“ მიერ განსაზღვრული პროცედურების ფარგლებში.

შესყიდვა 205 მილიონი ევროს (დღგ-ის გარეშე) ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან განხორციელდება.

გასული წლის ბოლოს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მიღწეულია მეტროს ვაგონების ეტაპობრივი ჩანაცვლების გადაწყვეტილება. მისი თქმით, მეტროს ვაგონებს გარკვეული დროის შემდეგ ეწურება გადაადგილების რესურსი და საჭიროებს ჩანაცვლებას.

„როდესაც აღნიშნულ ვაგონს დაუმთავრდება ექსპლუატაციის ვადა, შემოვა მეტროს ახალი ვაგონები. თუ რომელი ფირმის იქნება, ამაზე ამჯერად პასუხი არ მაქვს, რადგან ჯერ ტენდერი არ გამოცხადებულა. ფასთა კვლევაზე გვაქვს გაშვებული, რის შემდეგაც გამოვაცხადებთ შესყიდვაზე ტენდერს და გვეცოდინება, თუ რომელი კომპანია იქნება მომწოდებელი“, — განაცხადა მაშინ კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი