ახალი ამბები

“ბილაინმა” იაფად გაყიდულ მომსახურებაზე დანაკლისი სხვა პაკეტით აანაზღაურა – კომისია

10 მაისი, 2018 • 2564
“ბილაინმა” იაფად გაყიდულ მომსახურებაზე დანაკლისი სხვა პაკეტით აანაზღაურა – კომისია

კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს, რომ “ბილაინმა” აბონენტებს ღირებულზე იაფად შესთავაზა FREEVOLUTION პაკეტის ფარგლებში გაწეული მობილური ხმოვანი მომსახურება, დანაკლისი კი სხვა ავტორიზებულ პირთა და მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე აანაზღაურა.

კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ “ბილაინი” წერილობით გააფრთხილა და მოსთხოვა, დაწესებული ტარიფი საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნასთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

კომისია ადასტურებს, რომ FREEVOLUTION პაკეტის ფარგლებში აბონენტებისთვის გაწეული მობილური ხმოვანი მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი ვერ ფარავდა ამ მომსახურებისთვის გაწეულ დანახარჯებს.

2017 წლის 6 თვის პერიოდის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის თანახმად, მობილურ საბითუმო ხმოვან მომსახურებაზე გადანაწილების შედეგად FREEVOLUTION საცალო პაკეტებზე მიკუთვნებული დანახარჯები შემოსავლებს დაახლოებით ოთხჯერ აღემატება, აცხადებს კომისია.

კომისიის ცნობითვე, “ბილაინმა” დანაკლისი სხვა ავტორიზებულ პირთა და მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე აანაზღაურა, რითაც მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება დაარღვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი