ახალი ამბებისაზოგადოება

ელექტრონულად წაკითხულის გააზრებაში საქართველო 14-დან მე-13 ადგილზეა

7 მაისი, 2018 • 2646
ელექტრონულად წაკითხულის გააზრებაში საქართველო 14-დან მე-13 ადგილზეა

მსოფლიოში პირველად 2016 წელს ჩატარდა და ახლახანს გამოქვეყნდა ePIRLS-ის კვლევის შედეგები, რომელიც ელექტრონული ტექსტის წაკითხვისა და გააზრების უანრებს აფასებს. საქართველომ კვლევაში მონაწილეობა 14 სხვა ქვეყანასთან ერთად მიიღო და შედეგით მეცამეტე ადგილი დაიკავა.

ePIRLS-ის კვლევაში საქართველომ 477 ქულა მოაგროვა, რაც 12 ქულით ჩამორჩება ქვეყნის მაჩვენებელს PIRLS-ის 2016 წლის კვლევაში. აღნიშნულ კვლევაში ამოწმებენ 9-10 წლის სკოლის მოსწავლეების უნარებს, წაიკითხოს და გაიაზროს ნაბეჭდი ტექსტი.

საქართველოში კვლევაში ჩართული იყო 5 600 მოსწავლე, როგორც ქართულენოვანი, ისე აზერბაიჯანულენოვანი სკოლებიდან. სულ ხუთი სხვადასხვა ტექსტი შეირჩა, რომელზეც მოსწავლეები ორი, 40-40-წუთიანი დავალების ფარგლებში მუშაობდნენ. მათ შემდეგი ტექსტების წაკითხვა მოუწია:

  • წვიმის ტყეები;
  • მიგრაცია;
  • ლეგენდა ტროას შესახებ;
  • ექიმი ელიზაბეთ ბლექუელი;
  • მარსი.

კვლევაში ყველაზე კარგი შედეგი სინგაპურმა აჩვენა, რომელმაც 588 ქულა მიიღო, ქვეყანამ ამ მონაცემით უკეთესი შედეგი აჩვენა PIRLS-ის 2016 წლის კვლევასთან შედარებით, სადაც ქვეყნის მაჩვენებელი 576 ქულა იყო.

საბოლოო ჯამში, შვიდმა ქვეყანამ ელექტრონულად კითხვაში უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე ნაბეჭდი ტექსტების კითხვაში. ორი ქვეყნის შემთხვევაში მაჩვენებელი არ შეცვლილა, ხოლო ხუთი ქვეყნის შემთხვევაში ელექტრონულად ჩატარებული კვლევაში შედეგები გაუარესდა.

PIRLS 2016 კვლევის მსგავსად, ePIRLS-ის შედეგების თანახმადაც, წაკითხულის გააზრება გოგოებს უფრო გამოსდით, ვიდრე ბიჭებს. ePIRLS-ის შემთხვევაში 11 ქვეყანაში გოგოებს უკეთესი შედეგი ჰქონდათ, ვიდრე ბიჭებს, მათ შორისაა საქართველოც. 3 ქვეყნის შემთხვევაში გენდერული სხვაობა არ აღმოუჩენიათ, ხოლო არცერთი ქვეყანა არ არის, სადაც ბიჭებს უკეთესი შედეგები აქვთ, ვიდრე გოგოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი