ზაქარეიშვილი: სახელმწიფომ თამარ მეარაყიშვილზე უნდა იზრუნოს

ახალგორელ აქტივისტისა და ახალგორიდან ნეტგაზეთის რეპორტიორის თამარ მეარაყიშვილის ფინანსური დახმარების საკითხზე ექსპერტმა კონფლიქტების სფეროში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და ამჟამად გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა, პაატა ზაქარეიშვილმა ნეტგაზეთთან ისაუბრა.

“თამარი დაბადებით უფლებადამცველია, სადაც არ უნდა იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება, კახეთში თუ სხვა რეგიონში, იქ იქნება უფლებადამცველი. ამ ყველაფერს არ აქვს კავშირი ქართულ-ოსურ კონტექსთან, ეს ზოგადად ადამიანის უფლებათა დაცვასთანაა კავშირში. ის ანდრეი სახაროვის [უფლებადამცველი] ჯიშის ადამიანია, ვერ იტანს უსამართლობას, ხმაურობს, სადაც არ უნდა იყოს და სრულიად დაუცველია.

შესაბამისად, როდესაც ამას ემატება კონფლიქტური ზონა, ძნელია, საქართველოს ხელისუფლებამ რაიმე ეფექტური ნაბიჯები გადადგას. პირდაპირი ყურადღება პოლიტიზაციას გამოიწვევს. თუმცა, როგორც ვიცი, ის ხელისუფლებისგან არც ელის მის სასამართლო პროცესებში მხარდაჭერას. მაგრამ არსებობს უამრავი სხვა გზა, ფონდი, არასამთავრობო სექტორი, არსებობენ ბიზნესმენები. იქ საშუალება აქვს, მაღალი კლასის ადვოკატი აიყვანოს რუსეთიდან, რაც ფინანსებთან არის დაკავშირებული. ასე რომ, ვფიქრობ, სახელმწიფომ ცოცხლებზე ზრუნვაც უნდა მოახერხოს, მისი ბრალი ხომ არაა, რომ ის დღეს ცოცხალია”, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

2018 წლის აპრილში საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ “კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით თავდაუზოგავი საქმიანობისთვის ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი გაეროს პრიზზე ადამიანის უფლებათა სფეროში და ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრიზზე წარადგინა”.

“თამამად შეიძლება ითქვას, რომ თამარ მეარაყიშვილი ერთადერთი ადამიანია ვინც ზეწოლის, დაშინების და მუქარის მიუხედავად, წლებია იბრძვის ახალგორში მცხოვრებთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, სიცოცხლისა და უსაფრთხოების და სხვა უფლებების დასაცავად. თამარ მეარაყიშვილის ინტერვიუები და ბლოგები ერთადერთი წყარო იყო და არის ახალგორში შექმნილი მძიმე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცადებაში..

მეარაყიშვილს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე 2017 წელს ორჯერ აღუკვეთეს თავისუფლება; ამჟამად კი მის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას ჩამორთმეული აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რის გამოც არ შეუძლია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა.

მეარაყიშვილის საქმეზე ცხინვალის ხელისუფლების მისამართით არაერთი განცხადება და მიმართვა გაკეთდა როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველების მხრიდან.

მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაწყებამდე თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის სახელით ხშირად მონაწილეობდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონფლიქტური რეგიონებისა და ამ საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, რომლებიც თბილისში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწყობა.

ახალგორის რაიონი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი