ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მეარაყიშვილის და ბესტაევის საქმეებიც მოხვდა

22 მარტი, 2023 • 918
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მეარაყიშვილის და ბესტაევის საქმეებიც მოხვდა

სახელმწიფო დეპარტამენტის 20 მარტის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ ნახსენებია ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილისა და გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გენადი ბესტაევის საქმეებიც.

კერძოდ, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ დისკრიმინაცია გრძელდება. ამ მხრივ, ანგარიშში გამოყოფილია თამარ მეარაყიშვილის საქმე [საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციაზე დაყრდობით], რომელსაც ეთნიკურობის გამო დე ფაქტო ხელისუფლება  დევნის და სისხლის სამართლის საქმეების დაწყებით რეგიონის დატოვებას აიძულებდნენ.

დოკუმენტში, ასევე, ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევი, რომელიც 2019 წელს დე ფაქტო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 3 წლით უკანონოდ დააპატიმრეს, 2021 წლის ნოემბერში გათავისუფლების შემდეგ ინსულტით გარდაიცვალა.

ბესტაევი საოკუპაციო ძალებმა საზღვრის კვეთისა და ნარკოტიკების უკანონოდ გადატანის ბრალდებით 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს და 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მან ინსულტი საპყრობილეში ყოფნისას, 2021 წლის 16 ნოემბერს მიიღო, შემდეგ კი თბილისში კომატოზურ მდგომარეობაში მკურნალობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი