ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ბაგრამიანთან ერთად, გავიხსენოთ, რამდენი სომეხი იბრძოდა ქართულ მხარეს” – ზაქარეიშვილი

29 სექტემბერი, 2023 • 14107
“ბაგრამიანთან ერთად, გავიხსენოთ, რამდენი სომეხი იბრძოდა ქართულ მხარეს” – ზაქარეიშვილი

“ბაგრამიანის ბატალიონთან ერთად, გავიხსენოთ, რამდენი სომეხი იბრძოდა ქართულ მხარეს”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში კონფლიქტოლოგი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. 

უკანასკნელ დღეებში, მთიანი ყარაბაღიდან ეთნიკურად სომეხი დევნილების შესახებ ქართულენოვან ინფორმაციას სოციალურ ქსელებში, თან ახლავს ნიშნის მოგებით დაწერილი არმენოფობიური გამონათქვამები და სიძულვილის ენა.  ქართულენოვანი მომხმარებლები დევნილ ყარაბაღელ სომხებს აფხაზეთის ომის დროს ბაგრამიანის ბატალიონს და ქართველების წინააღმდეგ ბრძოლას უხსენებენ. 

“კარგად ვიცი, რა ხდებოდა აფხაზეთში და მიკვირს იმ ქართველებისა, ვისაც ძალიან კარგად ახსოვს ბაგრამიანის ბატალიონი, მაგრამ არ ახსოვთ შიდა ქართული სამოქალაქო დაპირისპირება, სამეგრელოს მოვლენები, ჯარების შეყვანა და ა.შ. მაშინ ვინებოთ კეთილი და ყველაფერზე ვილაპარაკოთ და არა ფრაგმენტულად. გავიხსენოთ, რამდენი სომეხი იბრძოდა ქართულ მხარეს –  ჩვენ გვყავდა პროფესიონალი ოფიცრები, არტილერისტები. თუ რამე სამხედრო წარმატება გვქონდა მაშინ, ეს იყო მარტში სოხუმზე შეტევის მოგერიება, რომელიც არტილერისტების დამსახურება იყო და ამ არტილერისტების 70% ეთნიკურად სომეხი იყო. ეს რატომ არ ვიცით და მხოლოდ ბაგრამიანი რატომ ვიცით? 

ეს იმიტომ ხდებ,ა რომ ვართ ნაციონალისტები, ეთნოცენტრისტები და ყველაფერი ცუდი გვსურს დავინახოთ მხოლოდ სხვაში და ყველაფერი კარგი ჩვენში. ეს არის ურაპატრიოტიზმი. ჩვენ ჯერ კიდევ ვართ ჩარჩენილი ეთნიკურ ნაციონალიზმში, ეთნოცენტრიზმში. ასე ვერ ავაშენებთ სახელმწიფოს. ჩვენი სახელმწიფო ძალიან მდიდარია არა ნავთობით, არამედ მრავალფეროვნებით. ჩვენი სიმდიდრეა ამდენი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფი. მათი ნიჭი და ისტორიული თუ სხვა გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ. ნაცვლად ამისა, კედლებს ვაშენებთ.

არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შიდა განხეთქილებებზე ზრუნვა და მუდმივი წარმოჩენა ამისა სხვა სახელმწიფოს ინტერესებშია და ამ სახელმწიფოს ერთი სახელი აქვს – რუსეთი. ისაა დაინტერესებული, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ფრაგმენტაცია იყოს და აძლევს უფლებას თავს, რომ იყოს ანტიისლამური, ანტითურქული, ანტიაზერბაიჯანული, ანტისომხური, და ვინც ამას აკეთებს, პირდაპირ რუსულ საქმეს აკეთებს”, – ამბობს ზაქარეიშვილი.

აფხაზეთის 1992-93 წლების ომის პერიოდში ჩამოყალიბებული ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი აფხაზების მხარეს იბრძოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი