კომენტარი

ლიბერალიზმი და ფაშიზმი ერთმანეთს გამორიცხავს — ინტერვიუ

27 მარტი, 2023 •
ლიბერალიზმი და ფაშიზმი ერთმანეთს გამორიცხავს — ინტერვიუ

საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე “რუსული კანონის” ჩაგდების შემდეგ, მმართველი გუნდი “ლიბერალურ ფაშიზმზე” საუბრობს. “ქართული ოცნების” ამ რიტორიკის სამიზნე არასამთავრობო ორგანიზაციები და მისი სხვა კრიტიკოსები არიან.

რატომ და ვისთვის სჭირდება ამ და სხვა ტერმინების შემოტანა ხელისუფლებას, რომელიც ერთ დროს თავისი “ლიბერალობით” იწონებდა თავს? ესაა პროპაგანდა ადგილობრივი ამომრჩეველზე ზეგავლენის მოსახდენად თუ სიგნალი ევროპისთვის?

“ნეტგაზეთი” შერიგების ყოფილ მინისტრს, პროფესორ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.

თქვენ როგორ გესმით ტერმინი “ლიბერალური ფაშიზმი”?

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფაშიზმს თავისი, ძალიან მკაფიო ადგილი მიეკუთვნა. მას ორი მკაფიო ნიშანი აქვს: ეს არის რადიკალიზმი — ძირითადად, მემარჯვენე რადიკალიზმი — და ეს არის აუცილებლად ძალადობა. ანუ, რადიკალიზმი და ძალადობა ერთდროულად. არიან ადამიანები, ვინც რადიკალურად აზროვნებენ და მიაჩნიათ, რომ მხოლოდ მათი იდეოლოგიაა ჭეშმარიტი, ხოლო ვინც ამას არ ემორჩილება, მათ წინააღმდეგ გამოყენებული უნდა იქნას ძალა. ისინი ამზადებენ ზონდერ ჯგუფებს, რომლებიც ანგრევენ, ამტვრევენ ინფრასტრუქტურას, შეურაცხყოფას აყენებენ, ატერორებენ საზოგადოებას, რათა მათი იდეოლოგია იყოს ანგარიშგასაწევი. საქართველოში მეგულება ერთადერთი ფაშისტური ძალა, მკაფიოდ გამოკვეთილი რადიკალიზმითა და ძალადობით — ეს არის “ალტ-ინფო” და მის გარშემო არსებული პარტია “კონსერვატიული მოძრაობა”.

რაც შეეხება ტერმინს “ლიბერალური ფაშიზმი”: ის მოდის ამერიკელი ავტორის, ჯონა გოლდბერგის წიგნიდან. მას არათუ მე, არამედ პრაქტიკულად არავინ ეთანხმება, ვინც არის მისი კრიტიკოსი. “ლიბერალური ფაშიზმი” ბუნებაში არ არსებობს. როცა მე ვიღაცაზე ვამბობ ფაშისტს, ყოველთვის მეცნიერული გათვლები მაქვს და არა ემოციური. ფაშიზმი არის ტერორი. ამიტომ “ლიბერალური ფაშიზმი” აბსოლუტურად აბსურდული სიტყვათა თანწყობაა. ეს ორი [პოლიტიკური იდეოლოგია] ერთმანეთს გამორიცხავს. ლიბერალიზმი გამორიცხავს ძალადობას. თითო-ოროლა მაგალითი შეიძლება ვინმემ მოიყვანოს, მაგრამ სისტემაში არ ჯდება და ტენდენცია არ არის.

მეორე მხრივ, ეს ტერმინი იოლად აიტაცეს რუსეთში და დღეს “ლიბერალურ ფაშიზმზე”, როგორც წესი, რუსები ლაპარაკობენ: ისინი, ვინც უკრაინას, დასავლეთს, ამერიკას ებრძვიან. რუსებმა სწორედ ეს წიგნი აქციეს თავიანთ დროშად. ამიტომ, რაც უნდა აშშ-ში იყოს დაწერილი ეს წიგნი, კონცეფცია რუსულია. დღეს რუსები ამას იყენებენ უკრაინელების წინააღმდეგ.

როგორ ფიქრობთ, რა მიზნით შემოიტანა “ქართულმა ოცნებამ” ეს ტერმინი ქართულ პოლიტიკაში?

“ქართულმა ოცნებამ” ეს ტერმინი შემოაგდო, რათა პროდასავლურ მოძრაობას მიაწებოს ფაშისტის [იარლიყი]. “ფაშისტი” საზოგადოებაში მუშაობს — განსაკუთრებით, ქართულ საზოგადოებაში, რადგან საბჭოთა კავშირში გავიზარდეთ.

ამის მიზანია უარყოფითი დამოკიდებულების შექმნა იმ ხალხის მიმართ, ვინც ლიბერალიზმზე საუბრობს. ლიბერალი ხარ? ესე იგი, ფაშისტი ხარ. დაახლოებით ასეთი გათვლაა. “ქართულ ოცნებას” არ აქვს გათვლა მაინცდამაინც მთელ საქართველოზე. მას გათვლა აქვს თავის ამომრჩეველზე. რასაც ლაპარაკობს “ქართული ოცნება”, მისი ამომრჩეველი პირდაპირ, ყოველგვარი კრიტიკის გარეშე იღებს. ამიტომ, მისთვის “ლიბერალური ფაშიზმი” კარგად ებმის ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებაში ეს არ არსებობს.

ფაშიზმი ყოველთვის უფრო მემარჯვენე ძალაა. მსოფლიოში დღემდე არსებული ფაშისტური ორგანიზაციების, ანუ ნეოფაშისტური ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა, 99%, არიან მემარჯვენე ძალები, რომლებიც მზად არიან, დაღვარონ სხვისი სისხლი. მეორე მხრივ, არ არსებობენ არანაირი დიდი ლიბერალური ორგანიზაციები, რომლებსაც ძალადობაზე აქვთ დაფუძნებული ლიბერალური ღირებულებების გატარება.

[თუმცა] აქ ეს ყველაფერი აღრეულია. “ქართული ოცნება” ასე სისტემურად ამაზე არ ფიქრობს. ისინი ფიქრობენ თავიანთ ამომრჩეველზე ან პოტენციურ ამომრჩეველზე, რომელთათვისაც სიტყვა “ფაშიზმი” რაღაცას ნიშნავს და “ლიბერალიზმი” — თითქმის არაფერს. უშუალოდ “ლიბერალიზმი” საგინებელი [სიტყვა] არ არის, თუმცა “ფაშიზმთან” ერთად უკვე საშინელებად იქცევა.

საქართველოში პარტიებს შორის იდეოლოგიური განსხვავებებიც არ არსებობს. აქ არსებობენ ლიდერები: ამის პარტია, იმის პარტია… გვარები, ადამიანების ქსელები და არა – იდეოლოგიები, ინსტიტუტები. ძნელია, “ქართულ ოცნებაში” დაინახო რაღაც იდეოლოგიური ბრძოლის ნიშნები, გარდა ერთისა: ძალაუფლებისთვის ბრძოლა უნდათ. მათ სურთ ძალაუფლების შენარჩუნება.

თვითონ არც კი არიან მემარჯვენე რადიკალები. როგორც კი მოინდომეს ეს, მაშინვე შექმნეს “ხალხის ძალა”, რომლებსაც მიანიჭეს რადიკალური მემარჯვენეობის კონცეფცია. ასევე ჰყავთ მეორე ოთახში “ალტ-ინფო”, რომელიც, დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნების” მოედანზე იკვებება… [ცდილობენ], გარე ფაქტორებით შეიქმნან იმის ილუზია, თითქოს თვითონ ესენი არ არიან, არადა ესენი არიან და მგონი, ამაზე უნდა იყოს მართლა საუბარი საქართველოში არსებული დემოკრატიული ძალებისგან, რომ მათ შორის განსხვავება არაა.

ასე რომ, “ქართული ოცნება” ნებისმიერ იარლიყს ჩამოჰკიდებს ნებისმიერ ადამიანს, ოღონდ მის მიმართ შექმნას უარყოფითი დამოკიდებულება. ჯერ იყო აგენტი, ახლა ფაშიზმზე ილაპარაკებენ. ამიტომ არ შეიძლება უკან დახევა და [მხოლოდ] თავის დაცვა. საჭიროა შეტევაზე გადასვლა ასეთ დროს. უნდა ითქვას, რომ ფაშისტები თქვენ ხართ!

მე ძალიან მიკვირს პოლიტიკური ძალების იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნება” ლაპარაკობს, [უცხოური გავლენის აგენტებზე] კანონპროექტმა ლუსტრაცია მოახდინაო. უნდა უთხრან, რომ დიახაც, მოახდინა ლუსტრაცია და თქვენ აღმოჩნდით რუსები. ასევე უნდა იყოს ფაშიზმზე — ფაშისტები ჩვენ კი არ ვართ, თქვენ ხართ: “ალტ-ინფო” რომ გყავთ, “ხალხის ძალა” რომ გყავთ, ფაშისტურია. ამაზე უნდა იყოს საუბარი.

“ლიბერალურ ფაშიზმზე” საუბრის პარალელურად, “ქართული ოცნებისგან” მოვისმინეთ მაგალითები, რომლებიც, მათი აზრით, აღნიშნულს ამტკიცებს. საუბრობენ “ბულინგზე” და საუნივერსიტეტო პროცესიდან პროფესორების ჩამოშორების მოთხოვნაზე. ასევე ახსენებენ შემთხვევას, როცა, მათი თქმით, პედაგოგმა ბავშვი დააბულინგა მისი მშობელი დეპუტატის “მოღალატედ გამოცხადებით”, თუმცა აღნიშნულის მტკიცებულება არ გვინახავს. 

ეს ყველაფერი ინდივიდუალურ დონეზეა. ჩემთვის მიუღებელია ბავშვების დაბულინგება მასწავლებლის მხრიდან და თუ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა, ის ცალსახად უნდა დაიგმოს. მაგრამ ამიტომ ვამბობ, რომ ფაშიზმს სჭირდება პოლიტიკური ძალა, ერთიანობა და ძალადობის ფორმა. ასეთ ქცევას ფაშიზმთან, როგორც ფენომენთან, ულტრამემარჯვენე ძალადობასთან საერთო არ აქვს.

რაც შეეხება სხვა ფორმებს, სტუდენტს უფლება აქვს, გააპროტესტოს პროფესორი, უარი თქვას მასზე, გამოვიდეს პლაკატით და ა.შ. ამას არაფერი საერთო არ აქვს არც ულტრაიდეოლოგიასთან და არც ძალადობასთან. მოხდა პროტესტის გამოხატვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფორმატში. ამ პროფესორს შეიძლებოდა ეთქვა, რომ თუ არ მოგწონს ჩემი ლექციები, მიბრძანდი აუდიტორიიდან და ამოგშლი.

ჩვენთან ბოლონიის პროცესი მუშაობს და სტუდენტები თავად ირჩევენ საკუთარ პროფესორებს. ეს არ არის საბჭოთა სისტემა, სადაც გავალდებულებდნენ, ვიღაც პროფესორისთვის [მოგესმინა].

აღნიშნეთ, რომ მმართველ პარტიას ისევ თავის ამომრჩეველზე აქვს გათვლა. კონკრეტულად რომელ სეგმენტს გულისხმობთ?

[ვგულისხმობ] მიამიტ ამომრჩეველს. “ქართული ოცნება”, ფაქტობრივად, მთლიანად დატოვეს მის რიგებში არსებულმა პროდასავლურმა ძალებმა. როცა დასავლეთის წინააღმდეგ ასეთი სერიოზული შეტევა განხორციელდა, განსაკუთრებით შარლ მიშელის შეთანხმების ჩაგდების შემდეგ, “ოცნებიდან” გამოვიდა ის ხალხი, ვინც ევროპულად აზროვნებს, ევროპა უნდა. ამიტომ “ოცნებას” შერჩა მხოლოდ რადიკალური მემარჯვენეები. ამიტომაც შექმნა “ხალხის ძალა” და ამიტომ არის, რომ არ სჯიან “ალტ-ინფოს” ხალხს, რადგან მათ სურთ, გადაარჩინონ მემარჯვენე, მკაფიოდ გამოკვეთილი ძალები.

მათ შიგნით არიან მიამიტი ადამიანები. “ალტ-ინფოს” ხალხს არ სჭირდება ლექცია, თუ რა საშინელებაა ევროპა. ამიტომ მათზე არაა გათვლა. გათვლაა მიამიტ ხალხზე, რომლებიც არ უღრმავდებიან და არ იციან “აგენტის” თუ “ფაშისტის” არსებითი მნიშვნელობა და რომელიც შეიძლება, “დააბოლო”.

ამომრჩეველი, რომელიც “ქართულ ოცნებას” დღემდე შერჩა, მისგან წამომსვლელი აღარაა. ერთადერთი, რამაც შეიძლება, ამ კატეგორიას “ოცნებიდან” წამოსვლისკენ უბიძგოს, შეიძლება იყოს “ქართული ოცნებისგან” იმის თქმა, მაგალითად, გაუმარჯოს ერთნაირსქესიანთა ქორწინებასო. მათ დარჩათ ულტრა-მემარჯვენე ამომრჩეველი, ვინც არ უღრმავდება და ზედაპირულად იგებს სიტყვებს, არ სვამს კითხვებს: კი მაგრამ, რატომ არის ეს ადამიანი ეკლესიასთან მებრძოლი?

“ქართული ოცნება” გასულ წლებში ამბობდა, ჩვენ ყველაზე ლიბერალური ხელისუფლება ვართ, ოპონენტები კი — ფსევდოლიბერალები არიანო. უკვე ახლა ისინი “ლიბერალ ფაშისტებად” მოიხსენიებენ კრიტიკოსებს, ახსენებენ “ლგბტ პროპაგანდას”… რიტორიკის ასეთი ცვლილება რაზე მიანიშნებს?

ძალიან რთული ტერმინი იყო “ფსევდოლიბერალიზმი”. “ფაშისტი” ყველას გაუგია და თუმცა, შეიძლება, ყველას არ ესმოდეს [მისი მნიშვნელობა], ყველამ იცის, რომ ცუდია. მაგრამ ადამიანს, რომელსაც ესმის ლიბერალიზმის ცნება, მისთვის სიტყვა “ფსევდოლიბერალიზმი” სასაცილოა, არაფერს ნიშნავს. ცნობილი ფრაზაა: არ არსებობს ნახევრად ორსულობა. ის ან არსებობს, ან არა. ანუ ვისაც ესმის ლიბერალიზმი, “ფსევდო” აბსურდული რამაა. ხოლო ვისაც არ ესმის, მას “ფსევდოც” არ ესმის. ამიტომ, ვერ მიეწება ერთმანეთს სიტყვები “ფსევდო” და “ლიბერალიზმი”. ჰაერში დაიკარგა. აი, “ლიბერალური ფაშიზმი” კი ჟღერს! ეს ხდება ფაშიზმის ხარჯზე. ფაშიზმი ქაჩავს თავის მხარეს დანარჩენ [კომპონენტს], ლიბერალი იქნება, მემარჯვენე თუ მემარცხენე. ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ამიტომ, ფსევდოლიბერალიზმი ჩანაცვლდა უფრო გასაგები ტერმინით “ფაშისტი” და მიეწება ლიბერალურს.

ამჟამინდელი რიტორიკა ამ კუთხითაც ხომ არ შეიძლება გავიგოთ, რომ თუ აქამდე მმართველი გუნდი ფორმალურად მაინც მიჰყვებოდა ლიბერალურ ღირებულებებს, ახლა გაცხადებულად უარს ამბობს მათზე?

მაშინ ის ცალკე არ შექმნიდა “ალტ-ინფოს” და “ხალხის ძალას”. ისინი [მმართველი გუნდი] მაინც აპირებენ, ხელიდან არ გაუშვან ლიბერალური ღირებულებები, [ოღონდ] არა თავის ამომრჩევლის, არამედ ევროპის თვალში. მათ სჭირდებათ, შექმნან ლიბერალურობის ილუზია. იმისათვის, რომ ჯერაც შეძლონ დემოკრატიასა და სხვა [ფასეულობებზე] საუბარი, სჭირდებათ, შექმნან განწყობა, რომ ჩვენ მაინც ლიბერალები ვართო; რომ ჩვენგან გავიდა ხალხი, ვინც ვერ აიტანა ლიბერალიზმი და შექმნა “ხალხის ძალაო”, ეს “ალტ-ინფო” კიდევ საერთოდ ვის დაჰკარგვია, საშინელებაა და საზიზღრობაო.. ევროპელი ვერ ეტყვის მათ, “რაებს მაიმუნობთო?!”, მიუხედავად იმისა, რომ ეს კარგად იცის. შეიძლება დახურულ სივრცეში უთხრან, მაგრამ საჯაროდ ვერ ეტყვიან. იმისათვის, რომ საჯაროდ ევროპელებს არ ჰქონდეთ საფუძველი, რომ “ქართულ ოცნებას” შეუტიონ, ამიტომ მმართველ გუნდს სჭირდება, ჰქონდეს სწორედ ფსევდოლიბერალური [რიტორიკა]. თუ ვინმეზე შეიძლება, ფსევდოლიბერალიზმი ითქვას, ეს სწორედ ქართული ოცნებაა, რომელიც ლიბერალიზმისა და დემოკრატიის ილუზიას ქმნის.

თუ ცდილობენ, ევროპის თვალში მაინც გამოჩნდნენ, როგორც მეტ-ნაკლებად ლიბერალური ხელისუფლება, მაშინ ამ მწვავე ტერმინის შემოტანა და “ლიბერალიზმისა” და “ფაშიზმის” ერთად ხსენება რით აიხსნება?

იმიტომ, რომ ამ ხალხზეა ლაპარაკი, ვინც ლიბერალიზმზე საუბრობს. მე მაგალითად, რომ მომკლათ, მაინც ლიბერალიზმზე ვილაპარაკებ. ჩემთვის ლიბერალური ღირებულებები — თანასწორობა, სამართლიანობა, ადამიანის უფლებები, უმცირესობების უფლებები — უზენაესია. ამიტომ მე ამ [მნიშვნელობებს] ვდებ ლიბერალიზმში და არასდროს ვიტყვი ამ ტერმინზე უარს. ასეთია ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში. ამიტომ, ასეთი ადამიანების დისკრედიტაცია რომ მოახდინონ, მათ “ფაშისტს” აწებებენ.

ადამიანმა შეიძლება თქვას, მე აგენტი არ ვარო და მოიცილოს სიტყვა “აგენტობა”, მაგრამ თუ ადამიანის იდეოლოგია ლიბერალურია, ის არასდროს მოიცილებს ამ სიტყვას. ამიტომ უნდა მიაწებო სიტყვა “ფაშისტი”, რათა ეს სახელი გაუფუჭო. როგორც კი სასმელ წყალში ჩაასხამ კანალიზაციის წყალს, ის იწამლება. მათ უნდათ, გააბინძურონ ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინები, როგორებიცაა ლიბერალიზმი, დემოკრატია, სამართლიანობა…

ქართულ საზოგადოებაში ლიბერალიზმი არასდროს ყოფილა პოპულარული. ამის მშვენიერი მაგალითია დამოკიდებულება “რესპუბლიკური პარტიის” მიმართ, რომლის წევრი მეც ვიყავი. “რესპუბლიკური პარტია” ერთადერთი ლიბერალური პარტია იყო და არასდროს ყოფილა ჩვენი პარტია პოპულარული. მაგრამ დღეს საზოგადოებაში არა პარტიების მიმართ, არამედ ლიბერალიზმის, როგორც იდეის მიმართ გაჩნდა სიმპათია. ამიტომაა, რომ ფაშიზმით დაამძიმეს ახლა ეს ამბავი.

ფაშიზმის აუცილებელი ნიშანია დებატების არარსებობა. “ქართული ოცნება” არასდროს გეკამათება, ის მაშინვე გადადის სტიგმატიზაციაზე, ბულინგზე… რატომ? მათ არ გააჩნიათ ღირებულებები და რას დაიცავენ? მათი მთავარი ღირებულება არის ძალაუფლების შენარჩუნება, სხვა არაფერი… მათთვის, “ოცნებისთვის”, ლიბერალიზმი არის მიუღებელი და დადგება დრო, როცა მათ მოუწევთ ამაზე უარის თქმა, მაგრამ ჯერჯერობით ებღაუჭებიან ვითომ ლიბერალიზმს, დემოკრატიას და ამით ქმნიან ილუზიას დასავლეთში, ევროპაში, რომ ისინი ჯერ კიდევ არიან ანგარიშგასაწევი ძალა. ამ ტერმინის შემოტანითაც აკეთებენ განაცხადს, რომ თავად ჭეშმარიტი ლიბერალები არიან, ხოლო სხვები, ვინც “ოცნებას” ლანძღავს – ფაშისტები.

როგორ ფიქრობთ, რამდენად გამოუვა “ქართულ ოცნებას” ევროპის თვალში ასე პოზიციონირება, როცა ის უკვე ღიად იყენებს ტერმინებს, როგორიცაა, მაგალითად, “ლგბტ პროპაგანდა”?

მკაფიოდ ჩანს, რომ ევროპამ კარგად იცის ყველაფერი და ისინი არ “დაბოლდებიან”. მაგრამ ვინაიდან “ოცნებაც” იყენებს სწორ ტერმინებს, როგორიცაა “დემოკრატია”, ევროპას უჭირს მათთან დაპირისპირება. ეს რუსებს შეუძლიათ, გითხრან, “რაებს მიედ-მოედები? აბა, ახლა ეს კანონი მიიღე!”. რუსები ამის გამკეთებლები არიან, მაგრამ ევროპელები ვერ გეტყვიან, რას მიედ-მოედებიო.

სანამ იყენებ სიტყვა “დემოკრატიას”, ევროპელები იძულებულნი არიან, მოგყვებოდნენ. ძალიან უნდა გადალახო ყველა წითელი ხაზი, რომ [პირდაპირ] გითხრან, რას მიედ-მოედები, რა დემოკრატიაზე ლაპარაკობო?! ამიტომ, ვიდრე “ქართულ ოცნებას” აქვს [უნარი], თავისი სიტყვების მანიპულაციით ევროპელები ვითომ “დააბოლონ”, სამწუხაროდ, ევროპელები ვითომ “ბოლდებიან”. “ქართულ ოცნებაში” ეს იციან და ამას იყენებენ.

რაც შეეხება ქართულ საზოგადოებას: თქვენი აზრით, მოუტანს მსგავსი რიტორიკა მმართველ გუნდს რაიმე სარგებელს მოსახლეობის თვალში?

საქმე ისაა, რომ მათთვის მთავარია, გადაარჩინონ ამომრჩევლის რაოდენობა. მათი ამომრჩევლის რაოდენობა მცირდება. ბოლო ადგილობრივი არჩევნები მათ წააგეს, რეალურად. რომ არა ადმინისტრაციული რესურსი და გაყალბების მინიმალური ფორმები, მათ წაგებული ჰქონდათ არჩევნები. ნახევარ-ნახევარზე დაუსვა ქართულმა საზოგადოებამ ხმები და ამ ხმებს თუ დააკლდება, თორემ მიმატებით აღარაფერი მიემატება.

ამიტომ ისინი სერიოზულ გაყალბებაზე მიდიან შემდგომი არჩევნებისთვის და ამიტომაც აღარ სჭირდებოდათ სამოქალაქო საზოგადოება… მათი მთავარი ამოცანაა, მოწინააღმდეგე მხარის დისკრედიტაცია მოახდინონ “ფაშისტებითა” და “აგენტებით”, რომ ხალხი მათგან სადღაც არ წავიდეს. ამას მნიშვნელობა აქვს და თავის ამომრჩეველზე მუშაობს.

წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, მშვენიერი ქართული გამოთქმაა. სხვა გზა არ აქვთ მათ და სიბნელეში ეძებენ ხელების ფათურით გადარჩენის შანსებს.

საბოლოო ჯამში, ეს არის გზა ავტორიტარიზმისკენ, მათი რადიკალიზაციისკენ და, ბუნებრივია, შემდეგში უკვე რეპრესიებისკენაც კი. ჯერჯერობით ჩვენ არ მიგვიღწევია ავტორიტარიზმის იმ ფორმისთვის, სადაც რეპრესიები გარდაუვალი ნიშანი იქნება, როგორც რუსეთისთვის დღეს. მაგრამ რუსეთშიც ასე იწყებოდა: როცა იქ კანონს იღებდნენ აგენტებზე, ის არ იყო თავიდანვე სასტიკი და მკაცრი. რამდენიმე წლის შემდეგ გახდა.

ამავე თემაზე:

ვის აშინებს ხელისუფლება “ლიბერალური ფაშიზმით” — ინტერვიუ

მასალების გადაბეჭდვის წესი