სოფო კილაძის თქმით, შესაძლოა “თანასწორობის მოძრაობის” წევრები მართულები არიან

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, შესაძლოა “თანასწორობის მოძრაობის” წევრები, რომლებმაც დღეს პარლამენტის გარეთ და კომიტეტის სხდომაზე აქცია გამართეს, მართულები არიან. “შეიძლება ეს მართული იყოს,”-განაცხადა სოფო კილაძემ.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ვისგან არიან მართული ორგანიზაციის წევრები, სოფო კილაძე პასუხობს, რომ არ იცის. მეორე კითხვაზე, მაშინ რატომ ჰგონია ეს პროცესი მართულია, სოფო კილაძემ არ უპასუხა.

“არავითარი ჰომოფობიური განცხადება არ გაკეთებულა და ზოგადად უფლებების თემასთან დაკავშირებით ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება აქვს. ჩვენ ვართ ის კომიტეტი, რომელმაც თითოეული ადამიანი უნდა დავიცვათ, მაგრამ ასეთი ფორმა მიუღებელია, როცა ჩვენი კომიტეტიდან ამ ადამიანებს არავინ ჩაგრავს, არც არავითარი განცხადება არ გაკეთებულა, უფრო ჰგავს მართულ პროცესს. სხვა საუძველს მე ვერ ვხედავ,”-აცხადებს სოფო კილაძე.

სოფო კილაძეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ანა სუბელიანი პასუხობს: “არც კი ვიცი, როგორ გავცე ამ კითხვას პასუხი. ძალიან სასაცილოა და აბსურდული. არ ვიცი, რას გულისხმობს. ვისი მხრიდან შეიძლება იყოს ეს მართული. ალბათ ეს არის თავდაცვის საშუალება. სხვა რა უნდა თქვას. ალბათ მისთვის ეს გამოსავალია, რომ აქცენტები სხვა მიმართულებით გადაიტანოს,”-აცხადებს ანა სუბელიანი.

“თანასწორობის მოძრაობის” წევრები პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შევიდნენ, სადაც ლგბტ პირთა უფლებების დასაცავად ბანერები გაშალეს. მათ კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძეს ჰკითხეს, რატომ არ აპირებს კომიტეტი 17 მაისის, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, რისი ვალდებულებაც სამოქმედო გეგმით აღებული აქვს.

სანამ “თანასწორობის მოძრაობა” პარლამენტში შევიდოდა, დღეს, 1 მაისს, დილით, პარლამენტის შესასვლელთან კილაძის წინააღმდეგ აქციაც გამართეს. კონტრაქციის მონაწილეებმა მათ კვერცხები დაუშინეს, რის შემდეგაც სამი პირი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.