მეორეკლასელების პერფორმანსი ძაღლებისა და გარემოს დასაცავად [ფოტორეპორტაჟი]

დღეს, 19 აპრილს, თბილისში 150-ე სკოლის მეორეკლასელებმა პერფორმანსი გამართეს და მოქალაქეებს ბუნების გაფრთხილებისა და ძაღლების დაცვისკენ მოუწოდეს.

ბავშვებს თან ახლდნენ მასწავლებელი, სკოლის დირექტორი და მშობლები.

მსვლელობა სკოლის მიმდებარედ, უზნაძის ქუჩასა და აღმაშენებლის გამზირზე გაიმართა.

“იმის თქმა გვინდოდა, რომ უნდა მოვუაროთ ჩვენს ძაღლებს, უნდა დავიცვათ გარემო და უნდა ვიყოთ სუფთა გარემოში. ისინი ჩვენი მეგობრები არიან, მათ შეუძლიათ ჩვენ დაგვიცვას ისევე, როგორც ჩვენ შეგვიძლია მათი დაცვა” – გვითხრა პერფორმანსის ერთ-ერთმა მონაწილემ, მეორეკლასელმა გაბრიელმა.

ბავშვები შეძახილებითა და მათ მიერვე გაკეთებული პლაკატებით ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, შემხვედრებს ბუნების დაცვისკენ მოუწოდებდნენ:

ბავშვების შეძახილები და პოსტერები გამვლელებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა, მათ შეხვდათ ავტომობილი, რომლითაც ორი ძაღლი მიჰყავდათ.

როგორც მათი პედაგოგი, მანანა ჯადუგიშვილი გვეუბნება, ეს აქცია-პერფორმანსი სპეციალური პროექტის ფარგლებში მოაწყვეს. კერძოდ, მისი განმარტებით,  დედაენის დღესთან დაკავშირებით ყოველ წელს დაწყებისთ კლასში წიგნის თითოეულ ტომს უშვებენ, რომელიც სხვადასხვა თემას ეძღვნება, წლევანდელი თემა  ცხოველები და ბუნების მოვლა იყო.

“რადგან წელს ჩვენი მეორე ტომის შინაარსი ეხებოდა ცხოველს და გარემოს,  22 აპრილი არის დედამიწის დღე და 14 აპრილი – დედაენის დღე, ამიტომ, შუა თარიღი ავირჩიეთ,”- გვითხრა მან.

მასწავლებლის განცხადებით, ბავშვებმა თავად გადაწყვიტეს, რომ ამ წლის თემა ძაღლებთან ყოფილიყო დაკავშირებული. ის გვიყვება, რომ ბავშვებმა ძაღლისა და მისი მოვლის შესახებ უკვე ბევრი რამ იციან:

“იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ძაღლზე გვქონდა გაკვეთილი და ძალიან დაინტერესდნენ ამ თემით, მითხრეს, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ. აქტუალური ნამდვილად არის იმიტომ, რომ ბევრი ძაღლია, რომელსაც პატრონი არ ჰყავს და მიუსაფარია, ძაღლის ყოლა ძალიან დიდი სიამოვნება და პასუხისმგებლობაა და ეს მინდა, რომ ბავშვებმა იცოდნენ. პროექტის ფარგლებში, წავიკითხეთ ტექსტები ძაღლების შესახებ, ვნახეთ ფილმები, ბავშვებმა თვითონ შექმნეს ლიტერატურული თხზულებები ძაღლების შესახებ, ვიყავით უპატრონო ძაღლების თავშესაფარში და დღეს იყო ამ პროექტის პრეზენტაცია” – გვიყვება მანანა ჯადუგუშვილი.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი