“არა ჩადებას” – თბილისში გიორგი შარაბიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

გიორგი შარაბიძე

გიორგი და არჩილ შარაბიძეების მხარდასაჭერი აქცია თბილისში 14.04.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

გიორგი და არჩილ შრაბაძეების მხარდასაჭერად თბილისში აქცია იმართება. როგორც შარაბაძეების მეგობრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ამბობენ, გიორგი შარაბაძეს, რომელსაც 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი – პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო. მის ძმას, არჩილ შარაბაძეს კი ზეწოლისა და მუქარის შედეგად ქვეყნის დატოვება სამართალდამცველებმა აიძულეს.

“ჩადება ეს ის სისტემური პრობლემაა, როდესაც სახელმწიფო თავად არის ბოროტმოქმედი და ჩემი აქ ყოფნის მიზეზიც სწორედ ესაა” – ამბობს თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრი ბექა წიქარიშვილი, რომელიც აქციას ესწრებოდა.

როგორც წიქარიშვილი ამბობს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა წარსულში ნასამართლევი პირების მიმართ სამართალდამცავების მიერ დევნა ხორციელდება:

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მსგავსი დევნის ფაქტი ხორციელდება. უფრო ხშირად, წარსულში ნასამართლეობის მქონე პირებზე, რომელთა მიმართაც სახელმწიფოს არანაირი პოლიტიკა არ აქვს რეალურად. არც სოციალიზაციაზე მუშობს, არც მათ საზოგადოებაში ინტეგრაციაზე. უბრალოდ ჰყავთ ყოველთვის ასეთი პირები შავ სიაში და ერთადერთი, რასაც მათ მიმართ ახერხებენ, მუდმივ დევნაში ყოლაა.

გიორგი და არჩილ შარაბიძეების მხარდასაჭერი აქცია თბილისში 14.04.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

გიორგი და არჩილ შარაბიძეების მხარდასაჭერი აქცია თბილისში 14.04.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

კონკრეტულად ამ საქმეში, როგორც ოჯახი ამბობს, იკვეთებოდა პოლიციელების მხრიდან მათი დევნა, როდესაც ქვეყნის დატოვებას სთხოვდნენ ამ ადამიანებს. არც ესაა პირველი შემთხვევა, მსგავსი შემთხვევების შესახებაც გვსმენია და ეს საგანგაშო პრაქტიკაა, როცა საკუთრ ქვეყანაში ყოფნის საშუალებას არ გაძლევს სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ არაფერს არ აშავებ და პრევენციულად, იმიტომ, რომ შეიძლება ჰიპოთეტურ საფრთხეს წარმოადგენდე, რადგან წარსულში ხარ ნასამართლევი, ამის გმაო გდევნის და გაიძულებს დაემორჩილო მის უკანონო მოთხოვნებს,” – ამბობს წიქარიშვილი.

დაკავებული გიორგი შარაბიძის და ამბობს, რომ გიორგის დაკავებით პოლიციამ არჩილ შარაბაძეს ქვეყნის დატოვება აიძულა:

“გიორგი არის უკანონო პატიმარი, მას არც კი ჩაუდეს ნარკოტიკი – პაკეტი დაანახეს შორიდან და ორი პოლიციელის ცრუ ჩვენების საფუძველზე 6 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. დღეს მე-17 დღეა  გიორგი შიმშილობს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ვითხოვთ, დროულად დაიწყოს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმიტომ, რომ ბიჭი არის ძალიან ცუდ მდგოამრეობაში” – ამბობს თამუნა ნაცარიშვილი.

გიორგი და არჩილ შარაბიძეების მხარდასაჭერი აქცია თბილისში 14.04.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

გიორგი შარაბიძის ოჯახის წევრების განცხადებით, მსჯავრდებული უკვე 17 დღეა შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დღევანდელ აქციაზე შარაბიძეების მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ გიორგი შარაბიძის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობას მსჯავრდებულის მეგობრები გააგრძელებენ.

ვრცლად ამ საქმეზე წაიკითხეთ:

ქვეყნის დატოვების მოთხოვნა და ჩადებული ნარკოტიკი – პატიმრის ოჯახი პოლიციელებს ადანაშულებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.