ახალი ამბებისამართალი

ქვეყნის დატოვების მოთხოვნა და ჩადებული ნარკოტიკი – პატიმრის ოჯახი პოლიციელებს ადანაშულებს

3 აპრილი, 2018 • 7909
ქვეყნის დატოვების მოთხოვნა და ჩადებული ნარკოტიკი – პატიმრის ოჯახი პოლიციელებს ადანაშულებს

სამართალდამცავების მიერ ნარკოტიკების ჩადებასა და 2016 წლის  წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყნის დატოვების შესახებ მუქარაზე  ძმების – არჩილ და გიორგი შარაბიძეების ოჯახი საუბრობს.

ძმების ოჯახის წევრებმა ამ საკითხზე პრესკონფერნცია 3 მარტს გამართეს და გიორგი შარაბიძის საქმის სამართლიანი გამოძიება მოითხოვეს. ამჟამად, ნარკოდანაშაულის საქმეზე გიორგი შარაბიძეს 6 წელი აქვს მისჯილი, ხოლო არჩილ შარაბიძე, ოჯახის განცხადებით, სამართალდამცავების მუქარის გამო საქართველოში არ იმყოფება.

“2016 წლის სექტემბერში, წინასაარჩევნო პერიოდში, ორივე ძმისგან ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლები გაურკვეველი მოტივით ითხოვენ ქვეყნს დატოვებას, 24 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჭერით ემუქრებიდნენ. იყო ასეთი ტექსტიც, რომ ბიჭებო, იქნებ გაერიდო ქვეყანას, იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ ბევრი პროვოკაცია იგეგმება და შემგდომ უკვე ქვეყანაში დაბრუნება აღუთქვეს. როგორც გაირკვა, საერთოდ არავინ აღარ აპირებდა ამ ბიჭების ქვეყანაში დაბრუნებას. უკვე, 2017 წლის 14 იანვარს, ოჯახს აღარ ჰქონდა იმის საშუალება რომ ბიჭები ერჩინა, უცხო ქვეყანაში, ისინი ჩამოვიდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის მეშვეობით.

დაახლოებით 1 თვის შემდეგ იგივე მოითხოვა ვაკე-საბურთალოს სამმართველომ, რომ ბიჭებს ქვეყანა დაეტოვებინათ და 7 დღე მისცეს ვადა, რაზეც, ძმებმა უარი განაცხადეს, რომ რა მოტივით უნდა დაეტოვებინათ. ასევე, წინააღმდეგ შემთხვევში დაჭერით დაემუქრნენ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ გიორგიზე ძალადობის მოტივი ზუსტად ის გახდა, რომ მათ პირადად შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი, რომ არავის შეეკითხნენ და ესეც იყო თქმული, რომ როგორ გაბედეთ თქვენ, ჩამოხვედით ქვეყანაში ისე, რომ არავის კითხეთ,”- ამბობს ჟურნალისტებთან არჩილ და გიორგი შარაბიძეების და, თამუნა ნაცარიშვილი.

იგი ვარაუდობს, რომ ამ ზეწოლის მიზეზი ის იყო, რომ ძმები წარსულში ნასამართლევები იყვნენ და სასჯელი მოხდილი ჰქონდათ.

თამუნა ნაცარიშვილი ასევე ამბობს, რომ 2017 წლის 7 მარტს გიორგი შარაბიძეს ნარკოტიკი ისე ჩაუდეს, რომ  ეს ნარკოტიკი თვალითაც არ უნახავს. მისივე თქმით, ამას ადასტურებს პროკურატურის მოთხოვნითვე ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლითაც, ამოღებულ ნარკოტიკზე გიორგი შარაბიძის ბიოლოგიური კვალი არ აღმოჩნდა, ასვე ქიმიური ექსპერტიზით,  გიორგი შარაბიძის იმ ჟილეტზე, საიდანაც ნარკოტიკი ამოიღეს, ნარკოტიკის კვალი არ აღინიშნება.

გიორგი შარაბიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნეტგაზეთი შსს-ს დაუკავშირდა, რომ

რა წერია განაჩენში?

გიორგი შარაბიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძის განაჩენი ნეტგაზეთს შარაბიძის ოჯახმა მიაწოდა.

“სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი შარაბიძემ დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” და 2017 წლის 7 მარტს ასევე უკანონოდ ინახავდა. საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: გიორგი შარაბიძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება “ჰეროინს” საერთო წონით 0,2656 გრამს.” – ვკითხულობთ განაჩენში.

გიორგი შარაბიძე, საქმის მასალების თანახმად, ვაკე-საბურთალოს მე-7 განყოფილების პოლიციელებმა 2017 წლის 7 მარტს, თბილისში, ატენის ქუჩაზე დააკავეს.

საქმეში დევს ამ განყოფილების ორი პოლიციელის ჩვენება, რომლებიც აცხადებენ რომ შარაბიძე დ. მ.-ს მიერ მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ატენის ქუჩაზე, მიწისქვეშა გადასასვლელში დააკავეს და  რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, პოლიციის ავტომობილთან გაჩხრიკეს, რა დროსაც, ჟილეტის წინა ჯიბეში ნარკოტიკი აღმოუჩინეს. ამის შემდეგ, პოლიციელის ჩვენებით, შარაბიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში გადაიყვანეს.

საქმეში დევს მეშვიდე განყოფილების კიდევ ორი პოლიციელის ჩვენება, სადაც ისინი საუბრობენ, რომ უშუალოდ პოლიციის განყოფილებაში გიორგი შარაბიძე არ გაუჩხრიკავთ.

საქმეში ასევე არის დაცვის მხარის ორი მოწმის ჩვენება, რომლებიც გიორგი შარაბიძის დაკავების თვითმხილველები არიან და არ დაუნახავთ არც ჩხრეკის და არც ოქმის შედგენის ფაქტი.

ერთ-ერთი თვითმხილველი საკუთარ ჩვენებაში მიუთითებს, რომ დაინახა, როგორ ამოიყვანეს მიწისქვეშა გადასასვლელიდან გიორგი შარაბიძე, რამდენიმე წუთით გააჩერეს ატენის ქუჩაზე, შემდეგ კი ავტომობილით წაიყვანეს.

“გიორგი  რამდენიმე წუთი გააჩერეს ატენის ქუჩაზე,  მერე წაიყვანეს მანქანით რომელიც მივიდა მათთან. არც ჩხრეკას და არც ოქმის შედგენას ატენის ქუჩაზე ადგილი არ ჰქონია. იგი 10-15 მეტრის მანძილიდან უყურებდა გიორგის ჯერ მანქანიდან, შემდეგ მიუახლოვდა და არ დაუკარგავს თვალთახედვის არედან, ვიდრე მანქანაში არ ჩასვამდენენ. პოლიციელები იყვნენე ორი სამოქალაქო მანქანით ML-ის ჯიპით და ფორდის ავტომანქანით და მათ ფორმები არ ეცვათ,”- ვკთხულობთ ერთ-ერთი თვითმხილველის ჩვენებაში.

მეორე თვითმხელველი ამბობს, რომ დაინახა, თუ როგორ დააკავეს პოლიციელებმა გიორგი შარაბიძე, თუმცა, მასაც არ დაუნახავს მისი ჩხრეკისა და ოქმის შედგენის ფაქტი.

ბრალდებულის, გიორგი შარაბიძის ჩვენება ემთხვევა თვითმხილველების ჩვენებებს, პოლიციელების ჩვენებებს კი –  რადიკალურად ეწინააღმდეგება.

კერძოდ, როგორც მის ჩვენებაში არის ნათქვამი, იგი დააკავა არა ორმა პოლიციელმა, არამედ  – 3-4-მა ადამიანმა. ჩვენებაში შარაბიძე დეტალურად საუბრობს დაკავებისა და “ჩადების” შესახებ.

“გაუკეთეს ხელკავი და მიიყვანეს ატენის ქუჩაზე, მაღაზიასთან რამდენიმე წუთი გააჩერეს, რის შედეგაც მას მიუახლოვდა ემელის ჯიპი, სადაც ჩასეს და წაიყვანეს ფანასკერტელის ქუჩაზე, სადაც დაახლოებით ერთი საათი იდგნენ მანქანით. მერე მანქანაში ჩაუჯდა ერთი პირი, რომელიც ეკითხებოდა, რატომ არ დატოვა ქვეყანა, თუმცა, კონკრეტულად ვისი სახელით ესაუბრებოდა არ იცის. მასზე განხორციელებულლი მუქარის გამო მან უკვე დატოვა საქარველო, თუმცა მერე უკან დაბრუნდა. მან აუხსნა, რომ გამგზავრება თანხებთან იყო დაკავშირებული და რამდენიმე დღეში დატოვებდა ქვეყანას. მას უთხრეს, რომ ზემდგომს უნდოდა მასთა გასაუბრება. იგი მიიყვანეს განყოფილებაში, სადაც შეხვდა პოლიციის უფროსს, გვარად ქებურიას, რომელიც დაინტერესდა, გაჩხრიკეს თუ არა და მოითხოვა მისი ხელმეორად გაჩხრეკა. იგი ხელმეორედ გაჩხრიკეს, ამოუღეს ტელეფონი, ცხვირის წვეთები, ხელსახოცი და დაადეს ხელბორკილი. დაახლოებით ერთი საათი იყო ხელბორკილდადებული, მერე შეიყვანეს ისეთ ოთახში, სადაც, როგორც მიხვდა, არ იყო კამერები, სადაც ისევ საფუძვლიანად გაჩხრიკეს და მასთან მივიდა თ.ჯ., რომელსაც ხელზე ე.წ. “ფოლდერი” ჰქონდა გაკეთებული, და მოსთხოვა ჟილეტის გახდა. თ.ჯ-მ ხელი მოჰკიდა მის ჟილეტს, მერე მივიდა მ.მ-სთან, რომლიც იჯდა კომპიუტერთან და ოქმს ბეჭდავდა. მან გაიგო, როგორ უკარნახა თ.ჯ-მ მ.მ-ს, “ჟილეტის უკანა ჯიბიდან ამოვიღეთ ყავისფერი ფხვიერი მასა”-ო. მას ეს “მასა” არ დაუნახავს, რადგან თ.ჯ-ს მარტო მისი ჟილეტი ეკავა. ამის მერე ის კიდევ ერთხელ გაჩხრიკეს, რის შემდეგაც გადაიყვანეს მცხეთაში ნარკოლოგური გამოკვლევისთვის. მან ანალიზი ვერ ჩააბარა, თუმცა, კლინიკურად იყო ფხიზელი,”- ვკთხულობთ გიორგი შარაბიძის ჩვენებაში.

შარაბიძის ოჯახმა ასევე მოგვაწოდა ექსპერტიზების პასუხები, სადაც, ნაჩვენებია რომ ნარკოტიკის კვალი არ აღმონდა შარაბიძის ჟილეტზე, საიდანაც, პოლიციელების ჩვენებით, ნარკოტიკი ამოიღეს. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნამ კი დაადგინა, რომ შეფუთვებზე, რაშიც ნარკოტიკული საშუალება იყო მოთავსებული, გიორგი შარაბიძის გენეტიკური თანამონაწილეობა არ გამოვლინდა.

სასამართლომ პოლიციელების ჩვენებები სანდოდ მიიჩნია:

“სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციელების ჩვენებებს შორის რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას, არ არსებობს,”- ვკითხულობთ განაჩენში.

ამასთანავე, სასამართლომ განაცხადა, რომ არ გაიზიარა გიორგი შარაბიძის ჩვენება:

“სასამართლო განმარტავს, რომ ვერ დაეყრდნობა ბრალდებულ გიორგი შარაბიძის ჩვენებას, რომელიც, ერთი მხრივ, ამტკიცებს, რომ მას ნარკოტიკი თან არ ჰქონია და პოლიციელებმა გააყალბეს მტკიცებულებები და მეორე მხრივ სწორედ ამავე პოლიციელებზე მიუთითებს, რომ მის მიმართ არანაირი ინტერესი არ გააჩნიათ…” – ვკითხულობთ განაჩენში.

გიორგი და არჩილ შარაბიძეების ოჯახისა და ადვოკატის ბრიფინგი 03.04.2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

გიორგი შარაბიძის ადვოკატმა, მარინა კაკაურიძემ პრესკონფერენციაზე განახადა, რომ მოსამართლის განაჩენი უკვე გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში. მისივე განცხადებით, დაცვის მხარეს აქვს ახლადმოპოვებული კადრები, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი შარაბიძე მართალი იყო დაკავების დეტალებთან დაკავშირებით, პოლიციელებმა კი – ცრუ ჩვენება მისცეს.

“ერთ-ერთმა კეთილისმსურველმა მოგვაწოდა კადრები. თუ ეს კადრი არ შეესაბამება სიმართლეს, გადაამოწმონ. ჩანს გიორგი შარაბიძე, როგორ ჩადის კიბეებზე, ჩანს ის ოთხი პოლიციელი როგორ მისდევს უკან, ჩანს იმ მანქანის ნომრები, რომლებიც იქ იდგნენ და ემთხვევა გიორგი შარაბიძის და ორი თვითმხილველის მიერ დასახელებულ ნომრებს და მანქანის მარკას? შესბამისად, ძალიან მარტივია ამაზე ჭეშმარიტების დადგენა,”- ამბობს ადვოკატი ნეტგაზეთთან საუბრისას.

ადვოკატის მიერ ვიდეოს კადრები შეგიძლიათ ნახოთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი