NTV Plus საქართველოში – მეტი სივრცე რუსული პროპაგანდისთვის

რუსეთის სახელისუფლებო კომპანია, “გაზპრომ მედიის” მფლობელობაში არსებული “ენ ტე ვე პლუსი” საქართველოში შემოსვლას გეგმავს და ეს კომპანიისთვის მხოლოდ ბიზნესპროექტი არაა, ამ გადაწყვეტილებას “სოციალური მისიაც” აქვს. გამოიწვევს თუ არა “ენ ტე ვე პლუსის” საქართველოს მედიაბაზარზე შემოსვლა რუსეთის პროპაგანდის გავლენის ზრდას და რა ეფექტი ექნება მას საქართველოს მედიაბაზარზე?

პროპაგანდის საფრთხე

საქართველოში რუსეთის არხების ყურება შესაძლებელია, ეს არხები არაერთ ტელეოპერატორს აქვს თავის პაკეტში, გარდა ამისა, საქართველოში არსებობენ ადგილობრივი ქართულენოვანი მედიასშუალებებიც, რომლებიც ანტიდასავლური განწყობებით გამოირჩევიან. აქედან გამომდინარე, მოახდენს თუ არა  “ენ ტე ვე პლუსის” შემოსვლა განსაკუთრებულ ეფექტს კრემლის პროპაგანდის გავრცელების კუთხით?

“ენ ტე ვე პლუსი” ჰოლდინგ “მედია მოსტის” ნაწილია. აღნიშნული ჰოლდინგი 2000 წლამდე რუსეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად იყო განწყობილი, თუმცა 2001 წლიდან მას სახელმწიფო კომპანია “გაზპრომ მედია” ფლობს და პროსახელისუფლებო პოლიტიკას ატარებს.

გასათალისწინებელია ისიც, რომ “ენ ტე ვე პლუსი” სატელიტური თეფშებით აპირებს მაუწყებლობის გავრცელებას, თანამგზავრული ტელეოპერატორების აბონენტების ძირითადი ნაწილი კი დედაქალაქს მიღმა ცხოვრობს. ოფიციალურად, თბილისში თანამგზავრული ტელეოპერატორის სერვისით მხოლოდ 13 067 აბონენტი სარგებლობს. ზემოთ მოყვანილ მონაცემებში არ იგულისხმებიან ის პირები, რომლებსაც სატელიტური თეფშები ტელეოპერატორების გვერდის ავლით, ე.წ. გატეხილი პროგრამით აქვთ.

“საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს” მედიაპროგრამების მენეჯერი მამუკა ანდღულაძე მიიჩნევს, რომ “ენ ტე ვე პლუსის” შემოსვლა რისკის შემცვლელია, იგი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს კომპანიის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც საუბარია “სოციალურ მისიაზე”.

ანდღულაძე ასევე იხსენებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებული 2017 წლის ანგარიშს, რომელიც ამბობს, რომ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მთავარი ამოცანა საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაა. ამისთვის კი ისინი აქტიურად იყენებენ “ჰიბრიდული ომის” ტაქტიკას, რაც სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, პროპაგანდისტული მედიაკამპანიის და დეზინფორმაციის კომპონენტების გამოყენებას გულისხმობს.

“რუსეთის მედია არის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი და რა სახელმწიფო ინტერესიც აქვს რუსეთს, სამწუხაროდ, ეს არის აგრესიული, პატივს არ სცემს სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ჩვენი ქვეყნის 20%-ია ოკუპირებული, აქედან გამოდინარე, რუსეთის მედიის გაძლიერება ადგილობრივ მედიასივრცეში, რა თქმა უნდა, არის საფრთხის შემცვლელი”, – ამბობს ანდღულაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“ენ ტე ვე პლუსის” საქართველოში შემოსვლას საფრთხედ მიიჩნევს საზოგადოების ნაწილიც, რომელმაც პეტიცია გაავრცელა. მოთხოვნას ამ მომენტისთვის (13 აპრილი) 3 327 ადამიანი აწერს ხელს. პეტიცია საქართველოს მთავრობას, კომუნიკაციების ეროვნული კომისიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს.

“ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერებს, საქართველოს მოქალაქეებს მიგვაჩნია, რომ “გაზპრომ მედიის” შვილობილი კომპანიის შემოსვლა საქართველოში დაუშვებელია და მათი ეს “გეოგრაფიული ექსპანსია” რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის გაგრძელება და შემადგენელი ნაწილია” – ნათქვამია პეტიციის ტექტსტში.

რატომ არ უუქმებენ ავტორიზაციას რუსულ NTV Plus-?

რუსეთის სახელისუფლებო ტელეოპერატორის წინააღმდეგ შემუშავებული პეტიციის ხელმომწერები ითხოვენ, “ენ ტევე პლუსს” რეგისტრაცია გაუუქმდეს, როგორც კომპანიას, რომლის საქმიანობა მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, “ენ ტე ვე პლუსმა”, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ორი წლის წინ გაიარა რეგისტრაცია (ავტორიზაცია მიიღო).

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 191-ე მუხლი ამბობს, რომ კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას.

“ნეტგაზეთმა” მიმართა კომისიას, რატომ არ იწყებენ ავტორიზაციის შეჩერების პროცესს, იმის გათვალისწინებით, რომ “ენ ტე ვე პლუსი” არ ახორციელებს საქმინობას ერთ წელზე მეტია.

კომისიაში გვიპასუხეს, რომ კომისიას ავტორიზაციის შეჩერების კანონიერი საფუძველი არ ჰქონია:

“ენ ტე ვე პლუსი” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კანონით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტის წარდგენას ახდენს, მათ შორის, 2016 წლის სექტემბრიდან შევსებული აქვს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები ნულოვანი მაჩვენებლით, ვინაიდან ის ამ პერიოდში მომსახურეობას არ ეწეოდა, თუმცა ეწეოდა საქმიანობას, გაიარა ავტორიზაცია. კომისიაში მოჰქონდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, გაფორმებული აქვს კონტრაქტები, რომლის დამადასტურებელ დოკუმენტებსაც პერიოდულად წარმოადგენს კომისიაში. შესაბამისად, იმის თქმა, რომ ის საქმიანობას არ ეწეოდა, არ არის სიმართლე. კომპანია საქმიანობდა და ტექნიკურად ემზადებოდა, თუმცა არ ახორციელებდა მომსახურეობას, რაც კანონდარღვევა არ არის”, – გვპასუხობენ მარეგულირებელ კომისიაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმოამდგენელი მამუკა ანდღულაძეც მიიჩნევს, რომ საქართველოში ავტორიზაციის მიღების წესები განსაკუთრებით მარტივია. მისივე თქმით, ქვეყანაში ფართო დისკუსია უნდა გაიმართოს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს რუსეთის პროპაგანდისტულ საფრთხესთან დაპირისპირება:

“ეს უნდა მოხდეს ისე, რომ არ იყოს ბოროტად გამოყენებული კრიტიკული აზრის შეზღუდვის თვალსაზრისით. ეს არ არის მარტივი საკითხი, მაგრამ საქართველო არის ოკუპირებული. უკრაინამ მიიღო რუსეთის მედიის დაბლოკვის გადაწყვეტილება. ბალტიისპირეთი, მართალია, არ არის ოკუპირებული, მაგრამ იქ რუსეთის არხების მაუწყებლობა დროებით შეჩაერეს. ეს საკითხი ბრიუსელმაც კი განიხილა ლიტვის შემთხვევაში”, – ამბობს ანდღულაძე.

ვისი კონკურენტი იქნება “ენ ტე ვე პლუსი” საქართველოში

2016 წელს “ენ ტე ვე პლუსმა” საქართველოში ავტორიზაცია გაიარა და თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურების გაწევის უფლება მიიღო. თავად რუსულმა კომპანიამ 2018 წლის 10 აპრილს თქვა, რომ ისინი საქართველოში შესვლისა და “გეოგრაფიული ექსპანსიისთვის” ემზადებიან. “ენ ტე ვე პლუსის” განცხადებით, საქართველოში შემოსვლა არ არის მხოლოდ ბიზნესპროექტი და მას “სოციალურ მისიადაც” განიხილავენ.

თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობა ნიშნავს, რომ “ენ ტე ვე პლუსი” სატელიტური თეფშების მეშვეობით გავრცელდება. თუმცა, შესაძლოა, რომ კომპანიამ საკუთარი ტელეარხების გასავრცელებლად სხვა გზაც გამონახოს. აღნიშნული საკითხი საბოლოოდ გარკვეული არ არის.

საქართველოში მაუწყებლობის ტრანზიტს თანამგზავრული ტექნოლოგიით ძირითადად ახორციელებს კომპანია “მაგთიკომი”. მას საქართველოში, 2018 წლის თებერვლის მონაცემებით, 93 128 აბონენტი ჰყავს. “მაგთიკომი” ყველაზე ბევრ აბონენტს 2015 წელს ემსახურებოდა და მათი რაოდენობა 118 ათასს აჭარბებდა. მას შემდეგ მათი რიცხვი შემცირდა. საქართველოში კიდევ ერთი თანამგზავრული ოპერატორი “სუპერტ ტვ” მუშაობს, რომელიც მხოლოდ 495 აბონენტს ემსახურება. იმ შემთხვევაში, თუ “ენ ტე ვე პლუსი” საქართველოში შემოვა და მომსახურებას მხოლოდ თანამგზავრული მეთოდით განახორციელებს, ის კომპანია “მაგთის” მთავარი კონკურენტი იქნება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ “მაგთის” თავის პაკეტში, მათ შორის ყველაზე ძვირადღირებულ პაკეტში, რომლის საფასურიც თვეში 32 ლარია, “ენ ტე ვე პლუსის” შემადგენლობაში არსებული არცერთი არხი არ აქვს.

როგორც რუსული ტელეოპერატორის შესაძლო მთავარ კონკურენტს, “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა კომპანია “მაგთიკომსაც”, რომელსაც ვკითხეთ, “ენ ტე ვე პლუსის” შემოსვლით დაკარგავდნენ თუ არა კლიენტებს და რას აპირებენ ამის თავიდან ასაცილებლად. კომპანიას ასევე ვკითხეთ, ეცდებიან თუ არა, თავიანთ პაკეტებს დაამატონ “ენ ტე ვე პლუსის” კუთვნილი არხები, რათა მომხმარებლები არ დაკარგონ. “მაგთიკომში” განაცხადეს, რომ კომენტარისგან თავს შეიკავებენ.

საქართველოს მედიაბაზარზე მეორე უმსხვილესი ოპერატორია “სილქნეტი”, რომელიც ამ ეტაპზე თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობა არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანსლირებას საკაბელო თეფშებით არ ახდენს. “ენ ტე ვე პლუსის” პარტნიორი საქართველოში შპს “მედია ჯგუფია”, რომლის 50%-ის მფლობელი და დირექტორი დავით ნაკაშიძეა. დავით ნაკაშიძე 2018 წლის თებერვლამდე “სილქნეტის” კუთვნილი შპს “ვაიმაქს ჯორჯიის” დირექტორი იყო.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა კომპანია “სილქნეტსაც”, რომელსაც ვკითხეთ, არის თუ არა კომპანია ჩართული დღეს “ენ ტე ვე პლუსის”  საქართველოს ტელებაზარზე შემოსვლის საკითხში, რაზეც კომპანიისგან ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.

პასუხგაუცემელი კითხვები “მედია ჯგუფისგან”

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ “ენ ტე ვე პლუსი” საქართველოში შემოსვლას გეგმავს, მათმა ადგილობრივმა პარტნიორმა “მედია ჯგუფმა” განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ბიზნესით არის ნაკარნახევი და საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა მიუღებელია. განცხადებაში არის რამდენიმე ბუნდოვანი, გაურკვეველი დეტალი, რომელიც “არალეგალურ სერვისსა და “ქვეყნიდან გადინებულ” $1 500 000-ს ეხება.

“ამ დრომდე ბაზარზე არალეგალური ტრანზიტის პრობლემა კვლავ აქტუალურია-არალეგალური სერვისებით ქვეყანაში 300 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს. შედეგად, თვეში საშუალოდ 1 500 000 $ საქართველოდან გაედინება ყოველგვარი აღრიცხვის ან რეგულაციის გარეშე”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

“ნეტგაზეთმა” დავით ნაკაშიძესთან დაკავშირება არაერთგზის სცადა როგორც პირადი ტელეფონისა და ელ. ფოსტის საშუალებით, ისე “მედია ჯგუფის” ელ. ფოსტაზეც, თუმცა, უშედეგოდ. დავით ნაკაშიძეს შეკითხვები წერილობითაც გავუგზავნეთ, რაზეც პასუხები ვერ მივიღეთ.

“მედია ჯგუფისგან” გვაინტერესებდა, ვინ აწვდის არალეგალურ სერვის მოქალაქეებს საქართველოში, რას გულისხმობენ “სოციალურ მისიაში”, შეძლებენ თუ არ მომხმარებლები მათი სიგნალის მიღებას არსებული სატელიტური თეფშებით; იმ შემთხვევაში, თუ სხვა კომპანიები მოისურვებენ,  “ენ ტე ვე პლუსის” კონტენტი დაამატოს თავის პაკეტს, მისცემთ თუ არა ამის უფლებას და აწარმოებენ თუ არა მოლაპარაკებებს ქართულ მაუწყებლებთან, რათა თავიანთ პაკეტს ქართული არხებიც დაამატონ. ასევე, რას გულისხმობენ, როცა ამბობენ, რომ საქართველოდან გაედინება $1,5 მილიონი და რატომ არ შეიძლება შეფასდეს თანხის გადინებად რუსული კომპანიისთვის ფულის გადახდა?

“ნეტგაზეთმა” იმავე კითხვებით მიმართა “ენ ტე ვე პლუსის” მფლობელ რუსულ სახელმწიფო კომპანია “გაზპრომ მედიასაც”. მათ კითხვების წერილობით გაგზავნა გვთხოვეს, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com