“მედია ჯგუფის” მოსაზრებით, NTV Plus-ის საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა მიუღებელია

NTV Plus-ის ქართველი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ რუსული სახელმწიფო ტელეოპერატორის ქართულ ბაზარზე შემოსვლა მხოლოდ ბიზნესით არის ნაკარნახევი და საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა მიუღებელია.

NTV Plus-ის პარტნიორმა შპს “მედია ჯგუფმა” 11 აპრილს განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ რუსული კომპანიის საქართველოში შემოსვლა ბაზრის გაჯანსაღებას ემსახურება მიზნად, რის შედეგადაც აბონენტები ლეგალურად შეძლებენ აღნიშნული კომპანიის ტელეარხების ყურებას.

2016 წელს “ენ ტე ვე პლუსმა”საქართველოში ავტორიზაცია გაიარა და თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურების გაწევის უფლება მიიღო. თავად რუსულმა კომპანიამ 2018 წლის 10 აპრილს თქვა, რომ ისინი საქართველოში შესვლისა და “გეოგრაფიული ექსპანსიისთვის” ემზადებიან. “ენ ტე ვე პლუსის” განცხადებით, საქართველოში შემოსვლა არ არის მხოლოდ ბიზნესპროექტი და მას “სოციალურ მისიადაც” განიხილავენ. “ენ ტე ვე პლუსის” პარტნიორი საქართველოში შპს “მედია ჯგუფია”. “გაზპრომ–მედიის” გენერალური დირექტორი დმიტრი შერნიშენკო ამბობს, რომ ქართულ კომპანია “მედია ჯგუფთან”, რომელიც “ენ ტე ვე-ს” კუთვნილი 20-ზე მეტი არხის რეტრანსლირებას ახდენს, პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ.

“მედია ჯგუფი” საქართველოში 2017 წლის სექტემბერში დარეგისტრირდა და მის 50%-ს დავით ნაკაშიძე ფლობს, 50%-ს კი –  გულნარა ხეჩოშვილი. დავით ნაკაშიძე 2018 წლის თებერვლამდე “სილქნეტის” კუთვნილი შპს “ვაიმაქს ჯორჯიას” დირექტორი იყო.

“ენ ტე ვე პლუსი” ჰოლდინგ “მედია მოსტის” ნაწილია. აღნიშნული ჰოლდინგი 2000 წლამდე რუსეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად იყო განწყობილი, თუმცა 2001 წლიდან მას სახელმწიფო კომპანია “გაზპრომ მედია” ფლობს და პროსახელისუფლებო პოლიტიკას ატარებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.