ახალი ამბები

2018 წლის იანვარ-მარტში ქართულ აეროპორტებში მგზავრთნაკადი 36%-ით გაიზარდა

11 აპრილი, 2018 • 1499
2018 წლის იანვარ-მარტში ქართულ აეროპორტებში მგზავრთნაკადი 36%-ით გაიზარდა

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, 2018 წლის 3 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებმა რეგულარული და ჩარტერული რეისებით 839 612 მგზავრი გადაიყვანეს. ეს რაოდენობა 36%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს (621 240 მგზავრი).

მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

2018 წლის იანვარ-მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 724 024 მგზავრს მოემსახურა, რაც 37%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (528 145 მგზავრი).      

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის პირველ კვარტალში მგზავრთნაკადი 15%-ით გაიზარდა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 67 892 მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 78 020 მგზავრი შეადგინა.

ზრდის ტემპი შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის პირველ კვარტალში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 36 762-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 55%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (23 696 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით 2018 წლის პირველ კვარტალში 806-მა მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში, ჯამში, 50 რეისი შესრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი